KA
Gurjaani Kvelatsminda

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VIII საუკუნის ძეგლია და ქალაქ გურჯაანთან 2-3 კმ-ში, კახთუბანში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
გურჯაანი

ტაძრის ისტორია და არქიტექტურა

ამ შესანიშნავი ძეგლის არქიტექტურა ნათლად გადმოსცემს ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ახალ საფეხურს, რომელიც VII საუკუნეში დაიწყო და X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. ყველაწმინდა ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია იმ შემოქმედებითი ძიებებისა, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებას ახასიათებდა.

ტაძარი რთული არქიტექტურული ნაგებობაა. შიდა სივრცე სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს. ტაძარი კარგადაა შემონახული.

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ჭედურ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. 

ლეგენდის თანახმად, 1615 წლის შემოდგომაზე, როცა კახეთს შაჰ-აბასის ჯარი შემოესია, მონასტრის წინამძღვარს სიზმარში ღვთისმშობელი გამოსცხადებია და რჩევა მიუცია, რომ მტრისგან დასაცავად ხატი ახლოს მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის კედელში დაემალა. შაჰ-აბასმა კახეთში მრავალი სოფელი და მონასტერი ააოხრა, ბერები ამოხოცა. არავინ დარჩა ცოცხალი, ვინც ხატის ადგილსამყოფელი იცოდა. დაიწყეს ღვთისმშობლის ხატის ძიება, მაგრამ უშედეგოდ. 200 წლის შემდეგ კახთუბნის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სიზმრად იხილა ღვთისმშობელი, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. ხატი იპოვეს და ყველაწმინდის ტაძარში გადმოიტანეს.

თუმცა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოში ბოლშევიკებმა ტაძრების ძარცვა-რბევა დაიწყეს, ხატი კვლავ დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია.

1993 წლიდან გურჯაანის ყველაწმინდაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და ამჟამად აქ მამათა მონასტერია.

ტაძრამდე სამანქანო გზა მიდის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა