მონასტრის სტრუქტურა
დოდოს რქის მონასტერი გამოქვაბული კომპლექსებისაგან შედგება, რომლებიც VI- XVIII საუკუნეებით არის დათარიღებული.
კომპლექსიდან საინტერესოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, თუმცა კონქში შემორჩენილია VIII-IX საუკუნეების მხატვრობა - მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე, ლაჟვარდისფერი ფონით, მაკურთხებელი მარჯვენით და მარცხენა ხელში გადაშლილი წიგნით, რომელზედაც ქართული ასოების კვალია შემორჩენილი.
დოდოს რქის მონასტრის მთავარი ტაძარი და სატრაპეზო XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება - ეს იყო საქართველოს საერთო ეროვნული და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის პერიოდი და დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამაც თავის მწვერვალს მიაღწია. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო.
დავითგარეჯაში მშენებლობის საკუთარი წესი და ფრესკული მხატვრობის სკოლა ჩამოყალიბდა.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული დარბაზული ტიპის სამლოცველოა. ამ უნიკალურ მხატვრობას - ღვთისმშობლის გამოსახულებას, ხარების სცენას, წმინდა მხედრების, წმინდა მამებისა და წმინდანთა ცხოვრების სიუჟეტებს - სპეციალისტები XIII საუკუნით ათარიღებენ.