KA

ეკის მონასტერი

უძველესი ნანგრევების საკუთარი თვალით ნახვა ხშირად უფრო მეტს გიამბობს ქვეყნის შესახებ, ვიდრე ისტორიის წიგნები. სწორედ ასეთი ადგილია სოფელი ეკი, რომელიც ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე - სამეგრელოში მდებარეობს და ქალაქ სენაკიდან 15 კმ-ით არის დაშორებული. ისტორიულ წყაროებში სოფელი ეკი პირველად XVII საუკუნის 20-იან წლებში მოიხსენიება. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
სენაკი

ცნობისათვის: „ეკი“ მეგრულად ამაღლებულ ადგილს, აღმართს ნიშნავს.

სოფელში სტუმრობისას მთაზე სამონასტრო კომპლექსს შენიშნავ - ეს ეკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერია, რომელიც  შუა საუკუნეებშია აგებული და მოიცავს გალავანს, ეკლესიას, სამრეკლოს, პალატას, საპყრობილესა და სხვა დამხმარე ნაგებობებს. 

აქაურობა სამეგრელოს მთავრების - დადიანების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. 

მონასტრის ქვითკირის მაღალი გალავნიდან ჩვენამდე ფრაგმენტებმა მოაღწია. 

მთავარი სანახაობა კომპლექსის ცენტრშია, სადაც IX-X საუკუნეების ეკლესიაა აღმართული უძველესი ფრესკების ფრაგმენტებით. ეკლესია დარბაზულია. სარკმლები და დასავლეთის შესასვლელი ულამაზესი, ფერადი ორნამენტებით არის შემკული. საკურთხეველში დგას ქვის ტრაპეზი, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. 

ტაძრიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით ორსართულიანი სამრეკლოა, რომელიც, მკვლევართა გამოთვლით, XIII-XIV საუკუნეებშია აშენებული. 

სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ქვითკირის დილეგი, რომელსაც ოთხივე მხრიდან ყრუ კედლები აკრავს, აღმოსავლეთიდან კი - ორსართულიანი სასახლის ნაშთი.

სოფელ ეკის მდიდარ წარსულზე 1971 წელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი 907 ცალი ვერცხლის მონეტაც მეტყველებს, საიდანაც 774 კესარიის ზარაფხანაშია მოჭრილი, 131 კი - რომის იმპერიის ზარაფხანებში. გვიანდელი მონეტა 222 წლით თარიღდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა