სასახლის შენება XVII საუკუნის ბოლოს მეფე არჩილმა დაიწყო. მის მიერვე აიგო სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო.
შემდეგ სასახლე ბევრჯერ გადაკეთდა, ყოველი მეფე თავისი შეხედულებით ცვლიდა აქაურობას.
მშენებლობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ერეკლე მეორემ დაასრულა და სასახლე თითქმის ციტადელად აქცია - ააგო ხუთმეტრიანი გალავანი, ეკლესია - თავდაცვითი ფუნქციით. ააშენა 14-მეტრიანი ბურჯი, რომელზედაც 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი იდგა.
ერეკლე მეფის სურვილი, სასახლე ციხესიმაგრედ ექცია, სრულიად ლოგიკურია - იმხანად მუდმივად არსებობდა მტრის შემოსევის საშიშროება. მეფის სასახლეში საგანგებოდ სივრცეც იყო გამოყოფილი, რომელსაც მოსახლეობა ომიანობის დროს თავს აფარებდა.
სასახლის კარში ისე ვერ შეხვალ, თუ თავი არ დახარე - სამეფო კარის ეტიკეტი მეფესთან თავმოდრეკილ შესვლას ითვალისწინებდა.
სასახლე-მუზეუმში, სადაც სამეფო ავეჯი, მეფის ოჯახის პირადი ნივთები და ბევრი ისტორიული რელიკვიაა გამოფენილი, შენს ყურადღებას, პირველ რიგში, სისადავე მიიქცევს. ზოგადად, საქართველოს მეფეების სასახლეებში არასდროს ყოფილა ფუფუნება, სამაგიეროდ დიდი ყურადღება ექცეოდა საეკლესიო ხუროთმოძღვრებასა და ეკლესიების მდიდრულად მორთვას.
სასახლის დიდ დარბაზში მეფე ერეკლე ელჩებს იღებდა; პატარა ოთახები მეფის ოჯახის წევრების საცხოვრებელი იყო.
ერთ-ერთ ასეთ პატარა ოთახში დაიბადა და გარდაიცვალა 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II - ევროპაში ყველაზე სახელგანთქმული ქართველი მეფე და ქართველი ხალხის საყვარელი მმართველი.