ეკლესია, თავისი მიმდებარე ტერიტორიებით, გურიის ერისთავთა საკუთრება გახლდათ და მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ.
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა ორი მინაშენითა და ორი შესასვლელით - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელის თავზე გამოსახულია მარტივი, რელიეფური ჯვარი. ფასადებიც სადაა, ინტერიერში კი გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობაა შემორჩენილი. მარჯვენა კედელზე ეპისკოპოსის სამოსლით გამოსახულია ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III, რომელიც XVIII საუკუნეში ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა და ერკეთის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა.
ეკლესიის ეზოში წყარო ჩამოდის - ადგილობრივები მოგიყვებიან, რომ ამ წყაროს დაავადებების განკურნება შეუძლია. ეკლესიის გვერდით კი აღმოჩენილია გამოქვაბული, რომელიც ადამიანის მიერაა კლდეში გამოკვეთილი - დიდი ხნის წინათ აქ ბერები ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ.
როდესაც გურიაში მოხვდები, აუცილებლად ესტუმრე ერკეთის დედათა მონასტერს, რადგან ერთ პატარა ადგილას ამდენი სიწმინდის ხილვა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.