ბორცვებზე სამ ტერასად აღმოჩენილმა რვასაუკუნოვანმა ცივილიზაციამ, რკინის ხანიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით, მწერლებისა და პოეტების მუზა - მითი არგონავტების შესახებ რეალობად აქცია და ოქროთი მდიდარი ქალაქ-სახელმწიფოს, კოლხეთის სამეფოს არსებობა საბოლოოდ დაადასტურა.
ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. მეორე ეტაპს, ძვ. წ. VI-IV საუკუნეებს, როდესაც ვანი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო, კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები წარმოადგენს - დიადემები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები, აგრეთვე, ვერცხლის სამკაულები და ბრინჯაოს ქანდაკებები.
ძვ. წ. III-I საუკუნეებში ვანს მოიხსენიებენ, როგორც დიდ სატაძრო ცენტრს. ამ პერიოდს განეკუთვნება საკულტო კომპლექსი, რომლის გათხრების შედეგადაც აღმოჩენილია მთელი რიგი საკულტო-სარიტუალო ატრიბუტიკა: ბრინჯაოს ქანდაკებები და ნიღბები, ასევე, ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა.
მტრების შემოტევების შემდეგ, ძვ. წ. I საუკუნეში ძველი ვანი, მისი ცივილიზაცია მთლიანად განადგურდა, თუმცა მისი ისტორია უმდიდრეს არტეფაქტებად შემოგვრჩა.