დადიანების სახლ-მუზეუმის მახლობლად 1825-1830 წლებში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი ააშენეს.
ვლაქერნას კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბოლში, ზღვისპირა ადგილს უწოდებდნენ. აქ, ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად აგებულ ეკლესიაში, ინახებოდა ღვთისმშობლის ხატი, სელისგან შეკერილი ღვთისმშობლის სამოსელი, მისი სარტყელი და თავსაბურავი.
გადმოცემით, XV საუკუნეში, კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, ვლაქერნის სიწმინდეები იერუსალიმში, ჯვრის ქართველთა მონასტერში გადაუტანიათ.
ამ მონასტერს XVII საუკუნეში ლევან II დადიანი პატრონობდა. ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, უკვე XVIII საუკუნეში, გარე და შინაომებით დასუსტებულმა საქართველომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ვეღარ უპატრონა და სიწმინდეები საქართველოში ჩამოიტანეს.
ამ დროს ოდიშის მთავარი უკვე გრიგოლ დადიანი იყო. მისი თხოვნით, ვლაქერნის ხატი მის სიმამრთან, საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-სთან ინახებოდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ ხატი რუსეთში აღმოჩნდა. ხატის დაბრუნებაზე გრიგოლ დადიანის ცოლმა, მეფის ასულმა ნინო ბაგრატიონ-დადიანმა იზრუნა. მისი მცდელობა წარმატებული გამოდგა - რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა და საქართველოს დაუბრუნა. ამასთანავე, ბრძანა, რომ სამეგრელოში ადგილი შეერჩიათ და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ტაძარი აეშენებინათ.
ასე დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა. თუმცა ნინო ბაგრატიონ-დადიანი მის დასრულებას ვერ მოესწრო. დედის გარდაცვალების შემდეგ მისი დაწყებული საქმე შვილმა - ლევან V დადიანმა დაასრულა და ტაძარი ააგო.
ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის კვართი კი ზუგდიდში მდებარე ისტორიულ სასახლე-მუზეუმში ინახება.