KA
Zedazeni Monastery

ზედაზნის მონასტერი

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თბილისიდან 30 კილომეტრში, ტყით დაფარულ საგურამოს ქედზე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მონასტერი შეგხვდება, რომელიც ზღვის დონიდან 1350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

ზედაზნის მონასტრის ისტორია

ამ ადგილას ოდესღაც ზადენის კერპი მდგარა, რომელიც უხვი მოსავლის ღმერთი იყო წარმართული ხანის საქართველოში. მიიჩნევა, რომ ტოპონიმი ზედაზენი სწორედ ორი სიტყვის შეერთებით არის მიღებული - ზედა ზადენი.

VI საუკუნეში საქართველოში სირიიდან საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი შემოვიდა და მამების წინამძღვარმა, იოანე ზედაზნელმა კერპის ადგილას მონასტერი დააარსა. დღეს კი აქ სამონასტრო კომპლექსია - ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო, გალავანი. მათგან ყველაზე ძველია VIII საუკუნის ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა - მთავარი ტაძარი, სადაც იოანე ზედაზნელია დაკრძალული; შედარებით გვიან აშენებული გალავანი და ციხის ნანგრევები კი ადასტურებს, რომ ზედაზენს საფორტიფიკაციო დანიშნულებაც ჰქონდა. 

როგორ მოვხვდეთ ზედაზნის მონასტერში?

მონასტერში მოსახვედრად სოფელ საგურამოს ცენტრიდან,  მთის ფერდობს უნდა აუყვე. მონასტრამდე სამანქანო გზაც ადის, თუმცა ფეხით რცხილისა და წიფლის ულამაზეს ტყეებს გაივლი, ქართლის ველებს სიმაღლიდან გადმოხედავ და აქაურობის ხიბლი დაუვიწყარ მოგონებად გექცევა. გზად წყარო შეგხვდება და ზედაზნის ტყის ულამაზეს კორომებში დასვენებასაც შეძლებ, სადაც მეტყევეებს პატარა ხის მაგიდები  საგანგებოდ გაუკეთებიათ დაღლილი მგზავრებისთვის.  

20 მაისს ტაძრის დღესასწაული „ზედაზნობა“ აღინიშნება - 13 ასურელი მამის ხსენების დღე, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა