KA
Upper Betlemi Church of Nativity

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

თუკი გსურს, შენი მოგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადო და ახალი შთაბეჭდილებებითაც აივსო, თბილისის ისტორიულ უბანში, ბეთლემის აღმართის №18-ში მდებარე ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიას უნდა ესტუმრო. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის ისტორია

ბეთლემის ქუჩა-კიბე 120 საფეხურს ითვლის, კლდეს მიჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება, საიდანაც თბილისის გასაოცარი ხედები იშლება. 

ეკლესიას სახელი ქრისტეს დაბადების პატივსაცემად უწოდეს. გადმოცემით, ამ ადგილზე პირველი ეკლესია V საუკუნის ბოლოს თბილისის დამაარსებელმა, მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო. აქვე ყოფილან დაკრძალულნი მისი დედა და და. 1225 წელს ჯალალედინმა ბეთლემის ეკლესია მიწასთან გაასწორა. XIII საუკუნეში ამ ადგილებში სომხურმა მოსახლეობამ მოიკიდა ფეხი. XV საუკუნეში თბილისელმა სომხებმა აქ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი დააარსეს, რომელსაც ფეთხაინს უწოდებდნენ. კომუნისტების დროს ტაძარში ბიჟუტერიის საამქრო მუშაობდა, ხოლო 1991 წელს ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა და 1994 წლიდან აქ მართლმადიდებლური მსახურება აღდგა. 

ტაძრის არქიტექტურა და მხატვრობა

ორნამენტებითა და რელიეფებით შემკულმა გუმბათოვან-დარბაზული ტიპის ჯვარგუმბათოვანმა ნაგებობამ ჩვენს დრომდე XVIII-XIX საუკუნეების სახით მოაღწია. ტაძარში სიმბოლურადაა გამოყოფილია პატარა ადგილი - ბაგა, რომელიც საკურთხევლის ნაწილია. აქვე ნახავ ვარსკვლავს, სადაც შობის ხატია დაბრძანებული.

ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ქერუბიმები და ღვთისმშობელი ანგელოზებს შორის, გუმბათის ყელზე კი - ღვთისმშობელი და მიჯაჭვული ლომი. ტაძრის მოხატულობა და ხატები ახალია და ბასილ ზანდუკელს ეკუთვნის. ტაძარში, მათივე სახელობის ხატში, 6000 გარეჯელი ბერის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. 

ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართულია XVII საუკუნის ორსართულიანი აგურით ნაშენი სამრეკლო, რომელსაც ზემოდან თლილი ქვის თაღოვანი ფანჩატური ადგას.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა