KA
Upper Vardzia Convent

ზემო ვარძიის დედათა მონასტერი

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლია, რომელიც XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. ვარძიის კომპლექსიდან 3 კილომეტრში სოფელი ზემო ვარძია მდებარეობს. სოფლის ყველაზე მაღალ ადგილზე კი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია დგას და აქ 1998 წლიდან დედათა მონასტერია.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ასპინძა

ზემო ვარძიის დედათა მონასტრის არქიტექტურა

ეკლესია IX-XI საუკუნეებით თარიღდება, რასაც შესასვლელის ასომთავრული წარწერიდან ვიგებთ. სამხრეთ ფასადი სტოაა, რომლის სვეტებიც ჩუქურთმებითაა მორთული. მონასტრის ინტერიერიც მდიდრულად ყოფილა შემკული - ამაზე კედლის მხატვრობის კვალი მეტყველებს, თუმცა მან XX საუკუნემდე თითქმის დანგრეულმა მოაღწია. ამჟამად ტაძარი მთლიანად რესტავრირებულია.

ტაძარს 4-მეტრიანი საიდუმლო გვირაბი და სამალავები აქვს, სადაც მტრის შემოსევისას ეკლესიის სიწმინდეებს ინახავდნენ. 

ზემო ვარძიის დედათა მონასტრის სიწმინდეები

ვარძიის ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები ეკლესიის მთავარი სიწმინდეებია.

ვარძიის ღვთისმშობელი ის ხატია, რომელსაც თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლის წინ (1202 წ. 27 ივლისი) საქართველო შეავედრა. ბასიანში გამარჯვებამ ქვეყანა დიდ ტრაგედიას გადაარჩინა. ხატის ორიგინალი XVI საუკუნეში დაკარგულა. XIX საუკუნეში ხატის ასლი შეიქმნა, რომელიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ტაძრის მეორე სიწმინდე - წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი, მირონმდინარე ხატი უკვე 12 წელია, რაც აქ ინახება.

ზემო ვარძიის დედათა მონასტერი დღეს

მონასტრის ყველა კუთხე-კუნჭულს მონაზვნების ხელი ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარეში საკმაოდ მკაც­რი კლი­მა­ტი­ა, ეზო ულამაზეს ყვავილებშია ჩაფლული. აქ მონაზვნები  ყვა­ვი­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის შესახებაც გიამბობენ, სანთლის ჩამოქნას გასწავლიან და რაც მთავარია, მონასტერში მონაზვნების ხელით - ოქ­რომ­კე­დითა და ძველ­ქარ­თუ­ლი ტექ­ნიკ­ით შესრულებულ ნაქარგებსაც ნახავ.

დღეს მონასტრის კარი ყველასთვის ღიაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა