ზურაბ წერეთლის ნამუშევრებს, რა თქმა უნდა, თბილისშიც ნახავ. მაგალითად, წმინდა ნინოს მონუმენტს - ქალაქის შემოსასვლელში, წმინდა გიორგის ქანდაკებას - თავისუფლების მოედანზე და მონუმენტს საქართველოს მატიანე - თბილისის ზღვაზე. შედარებით კამერულ გარემოში მისი და სხვა მხატვრების შემოქმედების ხილვა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეგიძლია.
ეს მუზეუმი თბილისში, რუსთაველის #27-ში მდებარეობს, იმ ისტორიულ შენობაში, სადაც საუკუნის დასაწყისში კადეტთა კორპუსი იყო. თანამედროვე სტანდარტების გალერეასა და საგამოფენო დარბაზებში სხვადასხვა ჟანრის 300 ექსპონატია წარმოდგენილი. აქ ნახავ ზურაბ წერეთლის ლეგენდარული კომპოზიციის „ვაშლის“ ასლს, რომლის ორიგინალი მოსკოვის მუზეუმში ინახება, ასევე კომპოზიციებს - „არგონავტებსა“ და „ჩემს საყვარელ მხატვრებს“.
მუზეუმის ტერიტორიაზე, აგრეთვე, განთავსებულია საბავშვო სტუდია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და პატარა კაფე. გამოფენების გამართვის გარდა, მუზეუმის ტერიტორიაზე მასტერკლასები, სემინარები, ლექციები და პრეზენტაციები ეწყობა.