თამადა სუფრის მოძღვარია, სუფრის ყველა წევრი ემორჩილება, უსმენს, მის წარმოთქმულს იზიარებს და განავრცობს. თამადას ევალება პურობის წესის დაცვა, მასზეა დამოკიდებული სუფრის მიზეზისა თუ ოჯახის წარმოჩენა.
თამადის ქცევაც წესებით რეგულირდება. მას ოჯახი ირჩევს და თამადაც მის ღირსებებსა და ტრადიციებზე აკეთებს აქცენტს. ორატორობასთან ერთად, თამადას კომუნიკაბელურობა, იუმორის გრძნობა, სიმღერისა და ცეკვის მინიმალური ცოდნა მაინც მოეთხოვება. თამადად განათლებულ, საზოგადოებაში ავტორიტეტულ ადამიანს ირჩევენ ხოლმე და მთელი სუფრის ხიბლსა და იმპროვიზაციას მას მიანდობენ.
კარგი თამადობა ბევრი ღვინის სმას არ გულისხმობს, პირიქით, კარგი თამადა სვამს ზომიერად, სუფრას მოალხენს, თვითონ კი ბახუსს არ დაიტყობს. თამადა თანამეინახეებისთვის მაგალითის მიმცემია ურთიერთპატივისცემაში, თავაზიანობასა და ენამახვილობაში.
თამადის ინსტიტუტი, თამადის მონოპოლიური უფლებების მიუხედავად, დემოკრატიულია და ამაშია მისი განსაკუთრებულობაც. სუფრის ნებისმიერ წევრს შეუძლია სადღეგრძელო მოითხოვოს და საკუთარი აზრი გამოთქვას.
თამადა მჭევრმეტყველი უნდა იყოს.
„თამადის სადღეგრძელოს დალოცვა ჰქვია და ის ნამდვილ ლოცვას ჰგავს. ამ დროს იმდენი ლოცვა და გულწრფელი სურვილებით სავსე სიტყვები მიდის კოსმოსში, შეუძლებელია, ეს დადებით ენერგიად არ დაბრუნდეს დედამიწაზეო“, - ეს სწორედ ერთ-ერთი თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოა.
ყველა კუთხეს ჰყავს შეგულებული თავისი თამადა, აგრეთვე, ყველა კუთხე ინახავს გამორჩეულ სადღეგრძელოს. მაგალითად, გურიაში თამადა პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას ამბობს; კახეთში იტყვიან, ჩვენს ხატებსა და სალოცავებს გაუმარჯოსო; მთიულეთში თამადა სუფრიდან არ გამოგიშვებს, თუკი შენი გზის ანგელოზი არ დაგილოცა; ქართლში სუფრას უფლის სადღეგრძელოთი იწყებენ და ა.შ.
საქართველოში იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი თამადები, რომელთა სადღეგრძელოებსა და გაძღოლილი სუფრის ამბებს თაობიდან თაობას გადასცემენ. კარგი თამადის ხელში სუფრა ღრეობად არ გაიქცევა, არც სუფრა გამოდის კარგი კარგი თამადის გარეშე.
საქართველოში, ამ მრავალსაუკუნოვან ქვეყანაში, ბევრი ტრადიცია გადააფასეს, დაივიწყეს, თამადობა კი უცვლელი რჩება, როგორც მმართველობის, კომუნიკაციის, რეალიზების, ურთიერთპატივისცემისა და დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი.