KA
Tbilisi, Davit Agmashenebeli Avenue N36

დავით აღმაშენებლის გამზირი N36, თბილისი

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში თითქმის ევროპის თანადროულად გავრცელებული მოდერნის სტილის არქიტექტურა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკურ თავისუფლებას მოწყურებულ ქართველებს ახალი ევროპული სტილი საშუალებას აძლევდა, თავისი არჩევანით ფეხი აეწყოთ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა გვერდით თანასწორი ყოფნაც მათი დიდი ხნის ნატვრა იყო. მოდერნის სტილის ყველაზე მეტი შენობა თბილისშია და უმეტესობა საცხოვრებელი სახლია, რომელთა შორისაა მეორე გილდიის ვაჭრის ერასტი ჭავჭანიძის მიერ 1903 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია

შენობა XIX საუკუნიდან გავრცელებულ, ე.წ. საშემოსავლო სახლთა რიგს მიეკუთვნება. მსგავს ნაგებობებს კომერციული და საცხოვრებელი ფუნქცია თანაბრად ჰქონდა შეთავსებული. სწორედ ასეთია  ერასტი ჭავჭანიძის სახლიც, სადაც ის თავისი ოჯახით მესამე სართულზე ცხოვრობდა, დანარჩენ ოთახებში მდგმურები ჰყავდა, ხოლო პირველ სართულს მაღაზიებზე აქირავებდა.

შენობის არქიტექტურა

ქუჩისკენ მიმართულ ფასადს მოდერნისათვის დამახასიათებელი პლასტიკური, მცენარეული დეკორი, მასკარონები და ლითონის აივნები ამკობს, ეზოს მხარეს კი კედლები მთლიანად ხის აივნებით არის დაფარული. ევროპულისა და ტრადიციული ხუროთმოძღვრების ეს წარმატებული სინთეზი ქართული მოდერნის სახასიათო ნიშანია. 

მთლიანად მოხატულია სახლის სადარბაზო შესასვლელი, სადაც უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ორი ილუსტრაციის ასლია გამოყენებული. კიბის თავზე, ჭერზე, მეპატრონის ინიციალებია გამოსახული. 

შენობა დღეს

კომუნისტებმა ჭავჭანიძეების დიდ ოჯახს მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვეს მესამე სართულზე, სადაც დღემდე ცხოვრობს ერასტი ჭავჭანიძის შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა