KA
Kote Marjanishvili str 8

კოტე მარჯანიშვილის ქ. N8, თბილისი

კომუნისტების შემოჭრამდე საქართველო ევროპულად ვითარდებოდა და ამას ყველაზე უკეთესად არქიტექტურა აჩვენებს. მდიდარ მოქალაქეთა ქველმოქმედებაც ქვეყნის „ევროპეიზაციას“ ემსახურებოდა. მეცენატი ქართველები ევროპაში აგზავნიდნენ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად და აქაც ქმნიდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო კერებს. მათ შორის არის „კონსტანტინე ზუბალაშვილის სახალხო სახლი“, რომელიც კოტე მარჯანიშვილის ქ. N8-ში მდებარეობს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია  

„სახალხო სახლების“ მეცენატური იდეა ევროპიდან იღებს სათავეს. ქართველმა მეცენატმა ძმებმა - ლევან, სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებმა ეს ევროპული სიახლე თბილისშიც დანერგეს.  1902-1907 წლებში ქველმოქმედი მამის, კონსტანტინეს, პატივსაცემად „კონსტანტინე ზუბალაშვილის სახალხო სახლი“ სანკტ-პეტერბურგელი სტეფან კრიჩინსკის პროექტით ააშენეს და დედაქალაქს აჩუქეს.   

სახლი თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე როგოისკის მეთვალყურეობით აშენდა. 

მოდერნის სტილის შესანიშნავ ნაგებობაში იყო დიდი საკონცერტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ოთახები სხვადასხვა თემატური წრისთვის. მულტიკულტურული თბილისელებისთვის სპექტაკლები იდგმებოდა ქართულ, ოსურ, გერმანულ, ბერძნულ, რუსულ, ლიეტუვურ, პოლონურ, სომხურ, უკრაინულ, თათრულ, ებრაულ და ასურულ ენებზე. 

საბჭოთა ეპოქაში სახლის მთავარი ფასადიდან გაქრა წარწერა „კონსტანტინე ზუბალაშვილის სახალხო სახლი“. მომდევნო წლებში შეიცვალა საკონცერტო დარბაზის ავთენტიკური დიზაინიც, 2008 წელს ფასადის ერთ კუთხეს ლითონისა და მინის კონსტრუქციების კაფე მიაშენეს. 

შენობა დღეს 

ასეთი ცვლილებების მიუხედავად, შენობა დღემდე ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

1930 წლიდან შენობაში კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი და მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში ინახება მდიდარი მასალა თეატრში მოღვაწე დრამატურგების, რეჟისორებისა და მხატვრების შესახებ. აქვეა დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების: პეტრე ოცხელის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული სასცენო მაკეტები და  მხატვრული ესკიზები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა