მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 1881 წელს აშენებული სახლი გიორგი ქართველიშვილის შთამომავლებმა XX საუკუნის დასაწყისში გააფართოვეს და მთლიანად გადააკეთეს.
რეკონსტრუქცია ცნობილ არქიტექტორს სიმონ კლდიაშვილს დაუკვეთეს. მისი პროექტით 1902 წელს ეკლექტური ფასადი მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი დეკორით შეიცვალა.
ცნობილია, რომ მოდერნის სტილის სახასიათო ნიშანია „ომეგას“ ფორმის (Ω - ბერძნული ანბანის ბოლო ასო) ხშირი გამოყენება დიზაინსა და არქიტექტურაში.
სიმონ კლდიაშვილმაც მთავარი ფასადი ომეგას ფორმის ლითონის შეკიდული აივნებით გააწყო, რომლებსაც თავისი მხატვრული გადაწყვეტით მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება!
აგრეთვე, ქართველიშვილების სახლი ერთადერთია, სადაც თბილისის სადარბაზოებში გავრცელებული ლათინური „SALVE“-ს ნაცვლად, ქართულად წერია „სალამი“.
აღსანიშნავია შენობის საუცხოო ინტერიერი. კარ-ფანჯრები და კიბის მოაჯირებიც მოდერნის სტილშია შესრულებული, ოთახების კედლები კი მოხატულია როგორც ჩრდილო-ევროპული მითოლოგიის სიუჟეტებით, ისე ვენეციის რომანტიკული ხედებით.
ძველთბილისური ტრადიციის მიხედვით, „ევროპულის“ გარდა, აქ არის ე.წ. „აზიური“ ოთახიც ისლამურ-მავრიტანული ხასიათის დეკორის მოტივებით. შესაბამისად, ბუხრებიც სხვადასხვა მხატვრული სტილით არის ნაშენი.
სახლის უკანა ფასადები ხის ტრადიციული აივნებითაა დაფარული, რომლებიც გამწვანებულ ეზოს გადაჰყურებს
შენობა დღესაც საცხოვრებელი სახლია, თუმცა ქართველიშვილთა შთამომავლობა აქ აღარ ცხოვრობს. უკანასკნელ წლებში მეორე სართულის ბინადრებმა ინტერიერს შესანიშნავი რესტავრაცია ჩაუტარეს. ფასადის რეაბილიტაცია კი 2022 წელს სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით განხორციელდა.