შენობა თბილისის „არტისტული საზოგადოებისთვის“ აშენდა და ეს ამ საზოგადოების დამაარსებლებისა და დიდი მეცენატების პითოევების ოჯახის ფინანსური ხელშეწყობით გაკეთდა. ეს იყო 1898-1901 წლები. პროექტი ცნობილ თბილისელ არქიტექტორებს კორნელი ტატიშჩევსა და ალექსანდრე შიმკევიჩს ეკუთვნით.
უხვი დეკორით შემკულ ეკლექტურ ფასადზე და ინტერიერშიც როკოკოს სტილის ელემენტები ჭარბობს, თუმცა ინტერიერში უკვე სტილთა აღრევის ნაირფერი სურათია.
ქვედა ფოიეში რესტორანი „ანონა“ იყო განთავსებული, რომელშიც მწერალთა და პოეტთა ჯგუფმა 1919 წელს რესტორანი და კლუბი „ქიმერიონი“ გახსნა. მისი კედლები სხვადასხვა დროს მოხატეს ცნობილმა მხატვრებმა: სერგეი სუდეიკინმა, კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა, ზიგმუნდ ვალიშევსკიმ, დავით კაკაბაძემ, მოსე და ირაკლი თოიძეებმა, ასევე ალექსანდრე ზალცმანმა.
„არტისტულ საზოგადოებას“ 1921 წლის 25 ნოემბერს შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრი ეწოდა, რომელიც დღემდე წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. სხვადასხვა პერიოდში აღადგინეს როგორც თეატრის მთელი შენობა, ისე „ქიმერიონის“ მხატვრობის დიდი ნაწილი და აქ არსებული კაფეც კვლავ იღებს სტუმრებს.