საცხოვრებელი სახლი თბილისში, წმინდა აბო თბილელის ქ. N6-ში, ძველ ნანგრევებზე თავდაპირველად XIX საუკუნეში აშენდა.
სავარაუდოდ, შენობა ჯერ ერთსართულიანი იყო, შემდეგ მეორე სართული დაშენდა, ფასადები ხის ტრადიციული აივნებით მოირთო და რიკულებიანი აივნის მქონე კოხტა მეზონინიც დაემატა.
XX საუკუნის დასაწყისში სახლს სადარბაზო შესასვლელი მიაშენეს, რომელიც მეორე სართულზე არსებულ ბინას უკავშირდებოდა.
სახლის ეს ახალი ნაწილი - ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ფასადით, კარით, ლითონის ნაჭედი დეკორატიული კიბის მოაჯირებითა და ღობე-გალავნით - მთლიანად მოდერნის სტილში გაკეთდა.
მოდერნი ევროპასა და ზოგადად მსოფლიოშიც, რთული ტექნიკური და შემოქმედებითი მოთხოვნების გამო, ძირითადად მაღალი სოციალური ფენის კუთვნილება იყო, საქართველოში კი მისმა პოპულარობამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ, მდიდრების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც ცდილობდნენ ამ ტენდენციის აყოლას.
ეს სახლიც სწორედ ამას ადასტურებს და კარგად გვიჩვენებს როგორც ადგილობრივთა კარგ გემოვნებას, ისე ოსტატ-ხელოსანთა შემოქმედებით ნიჭსა და მაღალ პროფესიონალიზმს.
საცხოვრებელი ფუნქცია ამ სახლს დღემდე არ დაუკარგავს. იქ ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მოდერნის სტილის სადარბაზოთიც უწინდებურად მხოლოდ მეორე სართულის ბინადარნი სარგებლობენ.