KA
Tbilisi Conservatory

თბილისის კონსერვატორია

თბილისში, რუსთაველის გამზირიდან მიტროფანე ლაღიძის პატარა ქუჩას რომ აუყვები, აღმართის დასასრულს ეკლექტური სტილის ნაგებობას დაინახავ - ეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია

შენობა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით 1900-1904 წლებში აიგო. 1905 წელს კი  ამ შენობაში ამიერკავკასიაში ევროპული სტილის პირველი სამუსიკო სასწავლებლის დიდი ისტორია დაიწყო. ამ პერიოდში თბილისი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, ევროპულ ქალაქად გარდაიქმნებოდა და ეს როგორც არქიტექტურას, ისე მთლიანად კულტურასა და ხელოვნებას ეხებოდა. კონსერვატორია ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელობისაა და დაარსების დღიდან ის თბილისის საკონცერტო ცხოვრების გამორჩეული ცენტრია.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზების აღწერილობა

აქ ორი დარბაზია, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისთვის. 

კონსერვატორიის მცირე დარბაზში 200 ადგილია. მის სცენაზე სხვადასხვა დროს კონცერტებს მართავდნენ მსოფლიო დონის მუსიკოსები: ეგონ პეტრი, კონსტანტინ იგუმნოვი, ჰენრიხ ნეიჰაუზი, ვლადიმერ ჰოროვიცი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვა.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი 500 მაყურებელზეა გათვლილი. აქ Alexander Schuke Potsdam-ის ფირმის ორგანი დგას. მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო კი საოპერო სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა.  

თბილისის კონსერვატორიაში საერთაშორისო დონის ქართველი მუსიკოსები სწავლობდნენ, მათ შორის: ელისო ვირსალაძე, მანანა დოიჯაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე კორსანტია, ლექსო თორაძე, თემურ გუგუშვილი, პაატა ბურჭულაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა და სხვანი.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა