საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ყველი აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა თითოეული მათგანი საინტერესო გემოთი და დამზადების უნიკალური ტექნოლოგიით გამოირჩევა.
ყოველ ზაფხულს თბილისში ყველის ფესტივალი იმართება. დღეს ქართული ყველის 60 სახეობაა აღწერილი. ფესტივალზე, მინიმუმ, ყველის 14 სახეობას დააგემოვნებ, რომელიც საქართველოში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული:
დამბალხაჭო ფშავიდან - ობიანი ყველი, რომელსაც, განსხვავებით ევროპულისგან, ბუნებრივი გზით აობებენ (ეს სახეობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი);
ჩოგი თუშეთიდან - მდნარი ყველი, ცხვრის ცხიმიანი რძით;
კალტი მთიანი რეგიონებიდან - გუდის ყველის წარმოების შემდეგ დარჩენილი შრატით. არაჩვეულებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა;
კობი ხევიდან - როგორც მოუხდელი, ისე ნაწილობრივ მოხდილი ძროხის და ცხვრის რძით;
აჭარული ჩეჩილი - ძროხის უცხიმო რძით;
მესხური ჩეჩილი - ძროხის უცხიმო რძით;
სულგუნი - „სული“ და „გული“ სხვადასხვა რეგიონიდან - გადაზელილი ყველი, ახალმოწველილი ძროხის, კამეჩის, თხის მოუხდელი რძით ან მათი ნარევით;
მეგრული სულგუნი;
სვანური სულგუნი;
გუდის ყველი სხვადასხვა რეგიონიდან - ცხვრის რძით, ინახება ცხვრის ტყავისაგან მომზადებულ გუდაში;
თუშური გუდა - ცხვრის რძით ალპურ საძოვრებიდან;
იმერული - ახალმოწველილი, აუდუღარი რძით, შენარჩუნებული აქვს რძის ყველა სასარგებლო თვისება;
ქართლური (ქარხნული) - დავარგებული ყველი, ძროხის პასტერიზებული რძით;
მესხური ტენილი - ახალმოწველილი ძროხის რძის ნაღებით (ეს სახეობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია).
ფესტივალზე ყველის მწარმოებლებს დეგუსტაციისთვის ქართული ყველის ნაკლებად ცნობილი სახეობებიც გამოაქვთ: მუჩლი, ჩლეჩილი, ნარჩვი, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველი, შებოლილი ყველი, ჭაჭამოდებული და სხვა.
თბილისის ყველის ფესტივალზე შეძლებ, ყველის ამოყვანის მეთოდებსაც გაეცნო, სასურველი პროდუქტი შეიძინო და ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები დააგემოვნო.
ქართული ყველის ფესტივალი წელიწადში რამდენჯერმე, სხვადასხვა ადგილას იმართება: ივლისის პირველ კვირას - მცხეთაში; ივლისის ბოლოს - თბილისის მთაწმინდის პარკში; ოქტომბრის ბოლოს - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში; ნოემბრის თვეში - თბილისში, ვარდების მოედანზე.
ყველის ფესტივალები საქართველოში 2010 წლიდან ტარდება პროექტ „ქართული ყველის“ ფარგლებში. ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი ორგანიზატორია „საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია“.