KA
Tbilisoba

„თბილისობა“

მთელი საქართველო ერთბაშად რომ ნახო, საუკეთესო შთაბეჭდილებებით აივსო და დარწმუნდე, რომ ეს ქვეყანა მართლაც შეგაყვარებს თავს, „თბილისობას“ - საქართველოს დედაქალაქის მთავარ დღესასწაულს უნდა დაესწრო.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

როდის იმართება თბილისობა?

„თბილისობა“ ოქტომბრის პირველ კვირაში აღინიშნება. 

ამ დროს შემოდგომა უკვე ილევა. საქართველოში ეს ის პერიოდია, როცა ხილს კრეფენ, რთველი აქვთ და ღვინოს წურავენ. ახალი მოსავალი კი საქართველოს ყველა კუთხიდან თბილისში ჩამოაქვთ.

ამ დღეებში თბილისის ძველი უბნები და მოედნები ულამაზესი სანახავია.

მთავარი ღონისძიება მტკვრის სანაპიროზე, რიყის პარკში იმართება. 

რას გთავაზობს „თბილისობა“?

აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგიძლია, გასინჯო სხვადასხვა კუთხის უგემრიელესი ქართული ნატურალური პროდუქტი - ხილი,  ყველი, თაფლი, ღვინო, ქართული ტკბილეული; შენ თვალწინ ღია ცის ქვეშ ამზადებენ უგემრიელეს ქართულ კერძებს, რომლებსაც იქვე დააგემოვნებ; 

დახლებზე გამოფენილია ხელით ნაქსოვი ჭრელ-ჭრელი ნივთები და ხის, კერამიკისა და ლითონის ხელნაკეთი სუვენირები; ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ხელოვანები და თვითნასწავლი მუსიკოსები მღერიან ხალხურ სიმღერებს, უკრავენ ფოლკლორულ მუსიკას. ბავშვებს კი ანიმატორებით, თეატრალური წარმოდგენებით, სპორტული შეჯიბრებებითა  და ატრაქციონებით გაართობ. 

რიყეზე ეწყობა „თბილისობის“ პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური სანახაობა - ყურძნის დაწურვა საწნახელში. ის ერთი მთლიანი დიდი ხისგან გაკეთებული ჭურჭელია, რომელშიც ყურძენს ყრიან. შემდეგ წინა საუკუნეების ტრადიციას აცოცხლებენ - საწნახელში ჩადიან და სიმღერის თანხლებით ფეხით იწყებენ ყურძნის ჭყლეტას. ეს ყურძნის დაწურვის უძველესი მეთოდია, რომელიც შეიძლება ფილმებშიც გინახავს. დაწურული ყურძნის წვენი ხის კასრებში ისხმება, რომლებიც შემდეგ მარნებში მიაქვთ.

„თბილისობაზე“, რომელიც 1979 წლიდან იმართება, ყოველ წელს ასახელებენ და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებენ იმ ადამიანებს, ვინც თავიანთი საქმით გამორჩეულნი არიან თბილისისა და საქართველოს ცხოვრებაში. 

„თბილისობის“ ორდღიანი ფესტივალის ბოლოს კი რიყეზე, ისევ ღია ცის ქვეშ, დიდი კონცერტი იმართება - ცოცხალი მუსიკითა და დილამდე მხიარულებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა