KA
The White Bridge

თეთრი ხიდი

ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის ნაპირებზეა განლაგებული. ის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. „თეთრი ხიდი“ სწორედ ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქუთაისის სტუმრებისა და ადგილობრივების საყვარელი ადგილია. 
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

„თეთრი ხიდის“ ისტორია

ხიდის რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. მანამდე აქ უბრალო ხის ხიდი იდგა, რომელიც 1860 წელს მდინარე რიონის ადიდების გამო დაზიანდა. „თეთრი ხიდი“ ახალ ხიდს ფერის გამო უწოდეს. მის ქვემოთ რიონში წამოწოლილი თეთრი ქვები იდეალურად ეხამება გარემოს და საოცარ ხედს ქმნის.  

გარდა იმისა, რომ ხიდს ქალაქის დამაკავშირებლის ფუნქცია აქვს, ბევრ სხვა იდეასაც ატარებს. XX საუკუნის შუა პერიოდიდან აქ ქუთაისის ელიტა იკრიბებოდა. ეს ხიდი მსოფლიოში ცნობილ იმ ადგილებს მიეკუთვნება, რომლებიც შეყვარებულებს განსაკუთრებით იზიდავს. შეყვარებული წყვილები რკინის მოაჯირებზე ბოქლომებს აბამენ და ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს ეფიცებიან.

„თეთრ ხიდთან“ დაკავშირებული რიტუალები

ამავე პერიოდში გაჩნდა „თეთრი ხიდიდან“ გადახტომის რიტუალი, რასაც „ქუთაისელად მონათვლას“ უწოდებდნენ. სწორედ ამის სიმბოლოა ხიდზე შემომჯდარი „პიკასოს ბიჭის“ ძეგლიც ხელში ორი ქუდითა და ღიმილიანი სახით. თავად ამ ძეგლის პროტოტიპი კი ცნობილი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმის - „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ეპიზოდური, მაგრამ სახასიათო გმირია.

„თეთრი ხიდი“ ამჟამად

2019 წელს „თეთრ ხიდს“ სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ფილების ნაწილი მინით შეიცვალა, რკინის ფილებზე კი ამოიტვიფრა ფრაზები ქართველი პოეტების ლექსებიდან. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა