წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარე „აია კონსტანტინს“, ანუ წმინდა კონსტანტინეს ეკლესიას, მეგალითური წყობის გალავანი აკრავს, რომელიც დაუმუშავებელი ლოდებით არის აწყობილი. გალავნის დასავლეთ კედელზე 7 ტონამდე წონის ლოდიც არის გამოყენებული.
ერთნავიანი ეკლესია ოდესღაც ერთიანი გადახურვის მქონე ოროთახიანი შენობა უნდა ყოფილიყო, ახლა კი გადახურული მხოლოდ ერთი ოთახია. შესასვლელი საკმაოდ დაბალია, რაც მომლოცველს თავის დახრასა და მოწიწებით შესვლას ავალდებულებს.
ეკლესიის შიგნით აღმართულია 4 მ სიმაღლის ქვის მენჰირი. ფასადზე ჯვარია ამოჭრილი. ამ ქვას ერთი უცნაურობა სჭირს - უკანა მხარე ძლიერად დამაგნიტებულია.
ქვის მასალა ბაზალტია, რომელსაც მაგნიტურობა არ ახასიათებს, თანაც ერთ კონკრეტულ ადგილზე, რაც საკმაოდ უცნაურია.
მეორე ეკლესია თეჯისის ცენტრში მდებარეობს. მასაც მეგალითური გალავანი ჰქონია, თუმცა ამჟამად ჩამოშლილია. ქვედა ბლოკები პოლიგონალური წყობით არის ერთიმეორეზე მორგებული. მსგავსი წყობა სამხრეთ ამერიკის უძველეს ნაგებობებს ახასიათებს.