თლილი ქვით ნაშენები ბაზილიკური სტილის ეკლესია მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა დღეისათვის ფრესკები ძნელი გასარჩევია. ინტერიერის მოხატულობა XIV საუკუნეს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ სვანეთის მრავალრიცხოვან ეკლესიათაგან მხოლოდ აქ გვხვდება წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისაგან.
ეკლესიის საგანძურიდან აღსანიშნავია XI საუკუნის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, რომელზედაც ქრისტე გამოსახულია წელზევით, მაკურთხებელი მარჯვენითა და სახარებით ხელში. ხატი მოჭედილია ოქროთი და ფერილი ვერცხლით, მხოლოდ სახეა ფერწერით შესრულებული. სამწუხაროდ, ხატმა ჩვენს დრომდე პირვანდელი სახით ვერ მოაღწია - ეკლესია რამდენჯერმე გაუძარცვავთ და ძვირფასი ხატები მოუპარავთ, თუმცა დროთა განმავლობაში ყველა ნივთი ისევ ეკლესიას დაუბრუნდა. მაგალითად, 1978 წელს გატაცებული წმინდა გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები, იტალიური ჯვარი და XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატი, რომელიც იენაშში ლონდონსა და ჟენევაში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა.