KA
The Museum of Illusions

ილუზიების მუზეუმი

საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, გამორჩეულია როგორც თავისი ბუნებით, ისე მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებითა და ისტორიით, თუმცა ამ ქალაქში საკმაოდ სახალისო თავგადასავლებიც გადაგხდება, მათ შორის კი ილუზიების მუზეუმი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ ილუზიების მუზეუმში

ძველ თბილისში, ბეთლემის #10-ში, ოპტიკური ილუზიების ნახვა და მათში მონაწილეობა შეგიძლია. ამ ადგილს ასეც ჰქვია - ილუზიების მუზეუმი, სადაც შებიჯებისთანავე აქაურობის ერთ-ერთი ექსპონატი გახდები. 

მუზეუმში ოთახს შეხვდები, რომლის მრუდე სარკეებში შენი დეფორმირებული გამოსახულებები აისახება. აქ არის ანტიგრავიტაციული და ეიმსის ოთახებიც. პირველ ოთახში გაგიჭირდება, მიხვდე, სწორ ზედაპირზე დგახარ თუ დახრილზე, მეორეში მოძრაობისას კი ხან ჯუჯად იქცევი, ხან გიგანტად.   

აქ ნახავ უსასრულობის ოთახსაც, სადაც სივრცე დაუსრულებელი მოგეჩვენება, საკუთარ ორეულებთან ერთად მაგიდას მიუჯდები, სკამის ილუზორულ აღქმაში მიიღებ მონაწილეობას და შესაძლებლობა გექნება, სარკის მეორე მხარეს მდგომს ცხვირი, თვალები ან თმა გაუცვალო. 

რით არის განსაკუთრებული ილუზიების მუზეუმი

თბილისის ილუზიების მუზეუმში განსაკუთრებით მოგხიბლავს სათამაშო ოთახი, რომელიც საგანმანათლებლო თამაშებითა და გონების სავარჯიშოებითაა სავსე. ილუზიების სამყაროში მოგზაურობის დრო შეზღუდული არ არის და აქ მთელი დღის განმავლობაში შეგიძლია, დარჩე.

მუზეუმში ყველა ექსპონატსა და ატრაქციონს თავისი აღწერილობა და ინსტრუქცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვს, რაც დავალებების შესრულებას კიდევ უფრო გაგიმარტივებს.

ბეთლემის ქუჩა ძველ თბილისში, კრწანისის რაიონში, პურის მოედნის მიმდებარედაა. აქ მოხვედრა სოლოლაკის ან ორთაჭალის უბნებიდან არის შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა