არაზუსტი მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 255 სახეობის ფრინველი ბუდობს. ნამდვილ ნატურალისტს ყველა მათგანის დანახვა ახარებს, მაგრამ ამ მრავალფეროვნებაში არის ხუთი სახეობა - „კავკასიური ხუთეული“, რომელთა ნახვას განსაკუთრებით ესწრაფვის საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი „ბერდვოჩერი“: კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, კავკასიური ყარანა, კოჭობები და წითელმუცელა ბოლოცეცხლები. აქედან პირველი სამი მხოლოდ კავკასიის მთების მკვიდრია.
თუ ამ ხუთეულის ნახვა გინდა, სტეფანწმინდას უნდა ესტუმრო. ინფრასტრუქტურულად განვითარებული, ადვილად მისასვლელი და ორნითოლოგების მიერ კარგად შესწავლილი სტეფანწმინდა „კავკასიურ ხუთეულზე“ დაკვირვების მთავარ ადგილად მიიჩნევა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრია ინვაზიური სახეობის ქაცვის კორომი, რომლის ნაყოფი დიდი კოჭობასა და წითელმუცელა ბოლოცეცხლასთვის ზამთრობით მთავარი საკვებია. ამ ფერადოვან ჩიტებს ზამთარში ქაცვის ბუჩქებზე შემომსხდრებსაც კი ხედავენ.
„კავკასიური ხუთეულის“ ერთი მოგზაურობის დროს ნახვა ადვილი საქმე არაა, მაგრამ შესაძლებელია, თუკი სტეფანწმინდას აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ეწვევი. ამ დროს კავკასიური ყარანა უკვე დაბრუნებულია ბარიდან, სადაც ზამთარს ატარებს; კოჭობები და ბოლოცეცხლები ჯერ არ ასულან მაღალ მთაში, სადაც 3000 მეტრის სიმაღლეზე მყინვარულ მორენებში, ლოდებს შორის იკეთებენ ბუდეს; კავკასიურ შურთხსა და კავკასიურ როჭოს შეწყვილების პერიოდი აქვთ, ჩვეულებრივზე დაბლა ეშვებიან და დურბინდსა და ტელესკოპში შედარებით ადვილი დასანახები ხდებიან.
მოგზაურობა ისე უნდა დაგეგმო, რომ სტეფანწმინდაში სამი დილა მაინც გაატარო. დღის ეს მონაკვეთი ფრინველებზე დასაკვირვებლად საუკეთესოა.