თეთრ არაგვზე სექციების სირთულის კატეგორიაა 2-3.
სოფელი მლეთა, საიდანაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1480-1680 მ-ზე.
მდინარე თეთრი (მთიულეთის) არაგვი სათავეს იღებს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, მდინარის სიგრძეა 41 კმ, საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლის, წვიმისა და მყინვარული წყლებით. დაბა ფასანაურთან შავ არაგვს უერთდება. წყალუხვია აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით.
პირველი სექცია იწყება სოფელ მლეთაში, ზღვის დონიდან 1446 მ-ზე და სრულდება სოფელ ნაღვარევში, ზღვის დონიდან 1261 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძეა 8 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 185 მ, სირთულის კატეგორია 2-3 (საშუალო, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გასასვლელები, საშუალო სიჩქარის დინება).
მეორე სექცია იწყება ფასანაურში, ზღვის დონიდან 1067 მ-ზე და სრულდება სოფელ მენესოში, ზღვის დონიდან 905 მ-ზე. მეორე სექციას საავტომობილო გზა მიუყვება.
მეორე სექციის სიგრძეა 10 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 162 მ, სირთულის კატეგორია 2 (ზომიერი, რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გასასვლელები, საშუალო სიჩქარის დინება).
მდინარე თეთრ არაგვზე კაიაკინგის თვეებია აპრილ-ივნისი და სექტემბერ-ოქტომბერი.
სოფელი მლეთა ქალაქ დუშეთიდან 70 კმ-ითაა დაშორებული. სოფლიდან სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.