KA

კაიაკინგი ხრამზე

მდინარე ხრამზე კაიაკინგის ორი სექციაა. 
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
ბოლნისი

მდინარის სირთულე

ხრამის სექციების სირთულის კატეგორიაა 2-3.

ადგილმდებარეობა

ქალაქი ბოლნისი, რომლის სიახლოვესაც იწყება მარშრუტი, მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან 64 კილომეტრში. 

მდინარე

მდინარე ხრამი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის კალთებზე. მდინარის სიგრძეა 201 კმ, მარჯვენა მხრიდან ერთვის მტკვარს. ხრამზე აგებულია 3 წყალსაცავი, მათ შორის - წალკის წყალსაცავი. მდინარე ძირითადად თოვლით საზრდოობს. მარშრუტზე წყალუხვობა დამოკიდებულია წყალსაცავებიდან გამოშვებულ წყალზე. 

მარშრუტი

მარშრუტის პირველი სექცია იწყება ქალაქ ბოლნისთან ახლოს მდებარე სოფელ სენებთან, ზღვის დონიდან 640 მ-ზე და სრულდება სოფელ დისველთან, ზღვის დონიდან 540 მ-ზე.

სექციის სიგრძეა 13 კილომეტრი, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 100 მ, სირთულის კატეგორია 2-3 (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). 

მეორე სექცია იწყება სოფელ დისველთან, ზღვის დონიდან 540 მ-ზე და სრულდება სოფელ თამარისის ჰესთან, ზღვის დონიდან 370 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 15 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 170 მ, სირთულის კატეგორია 2-3 (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე ხრამის ორივე სექციაზე კაიაკინგის თვეებია მარტ-ივლისი, ოქტომბერ-ნოემბერი. 

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ სენებამდე ქალაქ ბოლნისიდან 13 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით, თუმცა კაიაკინგის სექცია გზიდან მოშორებულია.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა