სოფოს კანიონი მდებარეობს სოფელ კაპნისთავში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის რეგიონში, მდინარე აჭარისწყლის ხეობის მარჯვენა მხარეს.
მარშრუტი იწყება სოფელ კაპნისთავში, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლის სხვაობა 430 მეტრია.
კანიონის სიგრძე 600 მეტრს შეადგენს და გვხვდება 8 ჩანჩქერი. ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე 35 მეტრია, რომელიც ტექნიკურად რთულია.
მარშრუტის სრულად გასავლელად საჭიროა 4-5 საათი.
ზაფხულის პერიოდში საშუალო ტემპერატურა +20,+25 გრადუსია.
სასტარტო ადგილამდე ბათუმიდან 30 კილომეტრი სამანქანო გზაა და ყოველდღე მოძრაობს მიკროავტობუსი. სოფლის ცენტრიდან კი შეგიძლია მაღალი გამავლობის ავტომობილი დაიქირაო. საავტომობილო გზის ბოლოს დაახლოებით 2-2,5 კმ საფეხმავლო გზა იწყება - ასავლელია ციცაბო ფერდი, რთული გადასასვლელებითა და მათზე დამონტაჟებული რკინის კიბეებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თავგადასავალს.
სოფოს კანიონის რთულ მონაკვეთებზე ინსტრუქტორები ზიპლაინის ტექნიკას იყენებენ, რათა პირდაპირ ჩანჩქერში არ მოგიწიოს დაშვება.
კანიონინგის დაწყებამდე აგიხსნიან, როგორ უნდა დაეშვა ჩანჩქერზე და როგორ აკონტროლო დაშვების სისწრაფე და სიხშირე.
რეკომენდებულია, გეცვას დახურული, სპორტული ფეხსაცმელი ან ჰიდროფეხსაცმელი. თერმოკოსტიუმს, ჩაფხუტსა და მეკლდეურის ქამარს ადგილზე მოგცემენ.
ტურის დასაგეგმად უმჯობესია, წინასწარ დაუკავშირდე ტურის ორგანიზატორს. ანგარიშსწორება ხდება ადგილზე, ნაღდი ფულით.
კანიონინგის პროცესში მთლიანად დასველდები, ამიტომ თან არ იქონიო ისეთი ნივთები, რომლებსაც წყალი დააზიანებს.