ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარე ძეგლს საუკუნეების წინათ საგანგებო დანიშნულება ჰქონდა. ომიანობის დროს ადგილობრივები აქ ოჯახებით აფარებდნენ თავს და მტერს აქედან ებრძოდნენ.
ციხე უდუღაბოდ, ბრტყელი ფიქლითა და მშრალი წყობით არის აშენებული. ციხის კომპლექსი 12 კოშკისგან შედგებოდა, საიდანაც საუკუნეებსა და ომებს სამი კოშკი და გალავნის ფრაგმენტები გადაურჩა.
ამიტომ ციხის რესტავრაცია იყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი. რესტავრაციისას კვლავ შუა საუკუნეების სამშენებლო ტექნოლოგია გამოიყენება - კოშკებს ფიქლის ქვის მშრალი წყობით აღადგენენ.
დღეს კესელოში 7 კოშკია აღდგენილი. ერთ-ერთ მათგანში მუზეუმია გახსნილი, სადაც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციებს დაათვალიერებ, რომლებიც თუშეთისა და თუში ხალხის ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვება.