ამ მოედანს „კირხეს მოედანს“ ეძახდნენ, რადგან ის შვაბი გერმანელების მიერ 1818 წელს დაარსებული დასახლების ნოი-ტიფლისის ცენტრალურ მოედანს წარმოადგენდა. მოედანზე დომინანტური ნაგებობა წმინდა პეტრესა და პავლეს ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია იყო. ტაძარი 1897 წელს აშენდა არქიტექტორ ოტო სიმონსონის (1829-1914) პროექტით. საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს და 1947-48 წლებში არქიტექტორ მიხეილ მელიას (1909-1995) პროექტით ერთმანეთის მოპირდაპირედ ორი იდენტური არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი სახლი ააშენეს.
სამწუხაროდ, ამ სახლების ისტორია გაუგონარ სისასტიკეს ინახავს: კომუნისტები მშენებლობაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყვანილ გერმანელ სამხედრო ტყვეებს ამუშავებდნენ; სწორედ მათ დაანგრევინეს ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია, რომლის ქვებითაც შემდეგ ეს სახლები ააშენებინეს.
ორივე შენობა ე.წ. „სტალინისტური სტილის“ გამოკვეთილი ნიმუშია - საზეიმო ფასადებითა და მოხერხებულად განლაგებული დიდი, მაღალჭერიანი ოთახებით. სადარბაზო შესასვლელში კი პარადული კიბეები და ლიფტებია მოწყობილი.
ამ შენობებში კვლავ საცხოვრებელი სახლებია. ერთ-ერთზე 2013 წელს მემორიალური აბრა გაკეთდა, რომელიც გვამცნობს, რომ აქ უწინ გერმანელთა ეკლესია იდგა.