KA
Kote Marjanishvili House Museum

კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი

დიდი ქართველი რეჟისორის, თანამედროვე ქართული თეატრის დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი ყვარელში, ქალაქის ცენტრში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩის 24 ნომერში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმის ისტორია

ამ სახლში 1872 წელს დაიბადა და გაიზარდა მომავალი რეჟისორი. პირველ სართულზე, დღეს უკვე ლეგენდარულ მარანში დგამდა ის თავის პირველ საყმაწვილო სპექტაკლებს, რომლებშიც ოჯახის წევრებს ათამაშებდა.

ორსართულიანი შენობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1922-1938 წლებში აქ ჰოსპიტალი იყო განთავსებული, 1938-1946 წლებში - სამხედრო კომისარიატი, 1959 წლის ივნისში კი ამ შენობაში რეჟისორის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა, სადაც დღეისთვის 3000 ექსპონატია დაცული.

რას ნახავ კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში?

მუზეუმში დაათვალიერებ ფოტოებს მარჯანიშვილების ოჯახური ალბომიდან, დიდი რეჟისორის ხელნაწერებს, სამახსოვრო ნივთებს, სპექტაკლების აფიშებსა და აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს და სხვა.

მუზეუმის ექსპოზიციაშია რეჟისორის უცხოეთში მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი მასალა. კოტე მარჯანიშვილმა 25 წელი გაატარა რუსეთში და ისეთ ცნობილ თეატრალურ მოღვაწეებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც იყვნენ კონსტანტინე სტანისლავსკი და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო.

კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა