სოფელი ღორჯომი აჭარაში, ხულოდან 15 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ღორჯომის თემი 18 სოფელს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია აჭარის მხარეში.
ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. აქ მრავლად შეხვდები ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. მეტიც, ღორჯომში ახალ სახლებს დღესაც ხისგან აგებენ. აქაურები ამბობენ, რომ ასეთი საცხოვრებელი ზაფხულში გრილია, ზამთარში კი - თბილი.
ღორჯომში ავთენტიკურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. აქ ყველა ქალმა იცის ქარგვა, ქსოვა, კერვა და ულამაზეს ფარდაგებსა და სხვადასხვა სუვენირს ამზადებს.
ფერების თამაშითა და სიდიდით გამორჩეულია სოფლის ცენტრში ლაზი ოსტატების, ომერ უსტასა და უსტა ბინ აჰმედის მიერ აშენებული, მოქმედი, ხუთგუმბათიანი ხის მეჩეთი. კომუნისტური რეჟიმის დროს აქ ჯერ - საწყობი, შემდეგ კი კულტურის სახლი იყო. თავისი ფუნქცია მეჩეთმა 80-იან წლებში აღიდგინა.
ღორჯომიდან უმოკლესი გზა მიდის გოდერძის უღელტეხილამდე და ლეკნარის მთამდე. მზის სხივებსა და ერთმანეთის ჩრდილში გახვეული აქაური მთები ერთიმეორის მიყოლებით უსასრულობის სიმბოლოებივით ჩარიგებულან ჰორიზონტზე.
ამ ადგილებზე ბევრი ტურისტული მარშრუტი გადის, მრავლადაა საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეები. ეს ერთ-ერთი იმ ხეობათაგანია აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მთიან ღორჯომსა და მის შემოგარენში ჯირითიც შეგიძლია.