KA
Lagurka (The Kala church of Saints Cyricus and Julitta)

ლაგურკა

სვანეთი საოცრებების მხარეა, რადგან ის არა მხოლოდ უძველესი კულტურული ნაგებობებითაა გამორჩეული, არამედ აქაური ხუროთმოძღვრების ძეგლები უნიკალურ ისტორიებსა და საიდუმლოებებით შემკულ ლეგენდებს აცოცხლებს. ერთ-ერთი ასეთი გასაოცარი ტაძარია ლაგურკა - წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც კალას თემის სოფელ ხეში, მთის წვერზე დგას. მას უამრავი ლეგენდა და ჩვეულება უკავშირდება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ლაგურკას ისტორიული მნიშვნელობა

აქ კალას თემის საგანძური ინახება. შუა საუკუნეების ჭედურ და ფერწერულ ხატებს შორისაა მინანქრით შემკული სანაწილე ხატი, რომელსაც სვანები „შალიანის ხატს“ უწოდებენ. ადგილობრივებისგან მოისმენთ, რომ შალიანის ხატის განაბან წყალს ბოროტმოქმედის გამოვლენა და მძიმე ავადმყოფის განკურნებაც კი შეუძლია. 

მთა, რომელზედაც ეკლესია დგას, ტყითაა დაფარული. ეს ტყე კი საღმრთოდ მიიჩნევა. 

ლაგურკას არქიტექტურა

ლაგურკა X საუკუნის მცირე ზომის, მოყვითალო ფერის შირიმის ქვით ნაგები დარბაზული ტიპის ეკლესიაა, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს, დასავლეთით კი - ორსართულიანი სამრეკლო. ეკლესიას მაღალი ქვითკირის ზღუდეც ჰქონია, მაგრამ ახლა ის სანახევროდ დანგრეულია. სატრაპეზო, ოთახები და სენაკები ქვემოთ, ფერდობზეა გაშენებული. 

ლაგურკას მხატვრობა

ლაგურკა მეფე დავით აღმაშენებლის კარის მხატვარს - თევდორეს მოუხატავს. ფრესკებზე გამოსახულია წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას წამების ორი სცენა. სახარების ოთხ სცენას კი ეკლესიის კამარაზე ვხვდებით - შობა, ნათლისღება, ჯვარცმა და ჯოჯოხეთით წარმოტყვევნა.  

უნდა აღინიშნოს, რომ  სვანური ხატწერა განსხვავებულია სხვა დანარჩენი საქართველოს ხატწერისგან.

ლაგურკა დღეს

შუა საუკუნეებში ლაგურკა სამონასტრო კომპლექსი იყო, დღეს კი სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავია. 28 ივლისს, კვირიკობას, წმინდანების - კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს სოფელ ხეში მორწმუნეები მთელი საქართველოდან ამოდიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა