KA

ლანჩვალის ეკლესია

სამეგრელო-ზემო სვანეთის უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლები ჰარმონიულადაა შერწყმული მის ულამაზეს ბუნებასთან, რაც ქვეყნის ამ რეგიონს განსაკუთრებით მშვენიერს ხდის. სწორედ ამ მხარეში, მესტიის რაიონში, ლანჩვალში, მარგიანების საგვარეულო უბანში, ერთ მცირე ზომის ეკლესიას შეხვდები, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია და ადგილობრივები მარგიანალ-თარინგზელად მოიხსენიებენ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ლანჩვალის ეკლესიის როლი ქართულ ხუროთმოძღვრებაში

ლანჩვალის ეკლესია მთავარანგელოზის სახელობისაა და მიუხედავად მცირე ზომისა, სვანურ კულტურაში მისი როლი განუზომლად დიდია.

ეკლესია ქვის გალავნითაა შემოსაზღვრული, მის ეზოში კი საფლავებია გაჭრილი. ის დარბაზული სტილის, სწორკუთხა დაგეგმარების ნაგებობაა და, ფაქტობრივად, პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიას გასულ წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა. 

ლანჩვალის ეკლესიის სტრუქტურა

ლანჩვალის ეკლესია აგებულია ადგილობრივი ქვითა და კირდუღაბით, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე კი გაჭრილია თითო სარკმელი. ფასადის დეკორი ძალიან სადაა, მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე შეხვდებით თითო ტოლმკლავა ჯვრის რელიეფურ გამოსახულებას.

ლანჩვალის ეკლესია ერთ დროს მუზეუმის ფუნქციასაც ასრულებდა. აქ ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში ინახებოდა, მათ შორის - აღსაყდრებული მაცხოვრის ხატი, რომელიც XI საუკუნითაა დათარიღებული და ამჟამად მესტიის მუზეუმშია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა