მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაღამში არქიტექტურითა და ფრესკული მხატვრობით გამორჩეული შუა საუკუნეების მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია დგას. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული IX საუკუნეშია აშენებული და დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს სახელობისაა. ესაა მცირე ზომის, დარბაზული ტიპის ტაძარი - სადა ინტერიერითა და ბრტყელი საკურთხევლით.
მეორე სართული ეკლესიაზე XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული. ეს შედარებით მოზრდილი, დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც დასავლეთიდან მიშენება აქვს. პირველი სართული - ნატეხი კლდის ქვით, მეორე სართული კი შირიმის კარგად ნათალი კვადრებითაა აგებული.
ტაძრის ორივე სართულზე ძველი და ახალი აღთქმის სცენებისა და წმინდანთა გამოსახულებების მრავალფეროვან ფრესკებს შეხვდები. ლაღამის ზედა ეკლესიის მოხატულობა სვანეთში შემორჩენილი ე.წ. „პალეოლოგოსთა ხანის“ მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშია. აქ ისტორიული პირების, ადგილობრივი აზნაურების - ქირქიშლიანების საერო პორტრეტებიცაა.
ტაძრის გარეთა, ჩრდილოეთის ფასადზე გამოსახულია ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან, აღმოსავლეთით კი - წმინდა ევსტათეს ნადირობა. ტაძარში XIII საუკუნის მაცხოვრის ოქრო-ვერცხლის ჭედური ხატია დაცული.