ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშთხვერში მდებარეობს. ის XIV საუკუნეში აიგო და კამარით გადახურული დარბაზული ნაგებობაა. ეკლესიას ოთხი სარკმელი ანათებს. ფასადები სადაა, მხოლოდ სარკმლებია მორთული ლილვოვანი საპირეებით. დასავლეთ სარკმლის თავზე ჯვრის გამოსახულებას შეხვდები. ფასადები და ინტერიერი კი მოხატულია. ტაძარი აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე და შირიმის სუფთად თლილი კვადრებითაა აგებული.
ძირითადი მოხატულობა ეკლესიაში მთავარანგელოზის თემაზეა შესრულებული. მის დასავლეთ ფასადზე გვხვდება სცენა „ამირანდარეჯანიანიდან“ - XI-XII საუკუნეების ქართული საგმირო ეპოსიდან. საეკლესიო სცენებთან ერთად, ინტერიერის საერო სიუჟეტების მოხატულობა ტაძრის უნიკალურობის ერთ-ერთი ნიშანია.
დასავლეთ ფასადზე ვედრების კომპოზიციას ნახავ, აღმოსავლეთ ფასადზე კი წმინდა ევსტათის ნადირობის სცენაა გამოსახული, სამხრეთისაზე - ცხენზე ამხედრებული წმინდა მეომრები. ტაძარში ასომთავრულ წარწერებსაც შეხვდები, ერთ-ერთი სარკმლიდან შემოსული შუქი კი წმ. გიორგის ცხენოსან ფიგურას ანათებს.
ტაძრის მოხატულობაში ბევრი ფერია. აქ ნახავ ცისფრის, რუხის, ყავისფრის, აგურისფრისა და მოოქროსფრო-ყვითლის საოცარ შეხამებას.