KA

ლაშქრობა ხანჩალის ტბაზე

გაშლილი სივრცეები, ალპური მდელოები და მოლივლივე ლურჯი ტბა - თუ ამ ადგილას მოხვდები, შეიძლება თავი სიზმარშიც გეგონოს, რადგან სამცხე-ჯავახეთის ბუნება მართლაც რომ ზღაპრულად გამორჩეულია. სწორედ აქ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ხანჩალის ტბა - ზღვის დონიდან 1928 მეტრის სიმაღლეზე, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

სალაშქრო მარშრუტი ხანჩალის ტბაზე

ალპურ მდელოებში 182 კმ²-ზე გაშლილი ტბა პოპულარული ადგილია  ფრინველებზე დაკვირვებისა და ბუნებაში მოგზაურობისათვის. თუ ტბას ზამთარში ესტუმრები, მისი მისტიკური ბუნება არასდროს დაგავიწყდება - ნოემბრიდან აპრილამდე ტბა ყინულით არის დაფარული და ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულია. 

ხანჩალის ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან კი მდინარე აგრიჩაი გამოედინება - მისი ხეობა ულამაზესია და ეს ადგილი სათევზაოდაც გამოიყენება.

მარშრუტი სოფელ პატარა ხანჩალიდან იწყება, რომელიც ხანჩალის ტბის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. პატარა ხანჩალი ზღვის დონიდან ტბაზე მაღლა - 1950 მეტრ სიმაღლეზეა და ამის გამო შეძლებ, ტბას ზემოდან გადმოხედო, შემდეგ კი ბილიკს დაადგე. მანძილი სოფლიდან ტბამდე 3 კილომეტრია. 

ხანჩალის ტბა - საუკეთესო ადგილი წყალმცურავი ფრინველებისათვის

ჯავახეთის ტბებს შორის ხანჩალის ტბა თავისი წყალმეჩხრობით გამოირჩევა - ტბის მაქსიმალური სიღრმე 0.8 მეტრია, წყალი მტკნარია, ადვილად თბება და თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. ეს ყველაფერი კი წყალმცურავი ფრინველებისათვის მიგრაციის პროცესში საუკეთესო პირობებს ქმნის - ენერგიის აღსადგენად, გამოსაკვებად და დასასვენებლად. 

ხანჩალის ტბაზე შესაძლებელია, გლობალურად მნიშვნელოვან, ფრინველთა იშვიათ სახეობებს შეხვდე - რუხ წეროებს (Grus grus), რუხ ყანჩებს (Ardea cinerea), თეთრ ყარყატებს (Ciconia ciconia), ვარდისფერი ვარხვებს (Pelecanus onocrotalus), ხუჭუჭა ვარხვებს ( P. crispus) და თეთრფრთიან გარიელებს (Melanitta fusca).

ხანჩალის ტბა თევზის მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, თუმცა აქ სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა დაშვებულია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა