მონასტრის შემადგენლობაში შედის: ღვთისმშობლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, სამრეკლო, რამდენიმე ნაგებობა და გალავნის ფრაგმენტები. ეკლესიები IX საუკუნეშია აგებული.
XIX საუკუნეში წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დედათა მონასტერი იყო დაფუძნებული, სადაც რუს მონაზვნებს მცირე სასწავლებელი და საავადმყოფო ჰქონდათ გახსნილი. მონასტრის ტერიტორიაზე წამლების შესანახი ადგილია შემორჩენილი. 1924 წელს წმინდა გიორგის ტაძარი კომუნისტებმა ააფეთქეს და აქ მონასტრული ცხოვრება დიდი ხნით შეწყდა. 2006 წელს კი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა, რომელიც ამჟამად მოქმედია და აქ ბერებიც მსახურობენ.
გადმოცემის თანახმად, ქართველთა სახელოვან მეფეს დავით აღმაშენებელს ერთ-ერთი ბრძოლის წინ ამ მონასტერში ულოცია. ამბობენ, რომ ამ ადგილისა და მონასტრის სახელიც დავითს უკავშირდება, რომელსაც, მტრის შემოსევის შედეგად განადგურებული მიდამოები რომ უნახავს, დამწუხრებულს უთქვამს: „ხალხის შეჭირვებამ გული დამიკოდაო“.