KA
მეგრული ხაჭაპური

მეგრული ხაჭაპური

მეგრული ხაჭაპური ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული კერძია საქართველოში. როგორც ამ კუთხის უხუცესები ირწმუნებიან, არსებობს მეგრული ხაჭაპურის შედარებით ახალი და ძველი რეცეპტები. კეცი თანამედროვე ღუმელებმა შეცვალა და კერძის მოსამზადებლად ახლა შეშის სურნელოვანი ცეცხლიც აღარაა საჭირო, თუმცა სამეგრელოს ბევრ სოფელში დღემდე ისევ ძველი, წინაპრების გადმოცემით შემონახული რეცეპტია დამკვიდრებული.

მეგრული ხაჭაპურის ძველი რეცეპტი

იხსენებენ, რომ მეგრული ხაჭაპურის ცომი მხოლოდ რძით ან ყველის ამოყვანისას დარჩენილი შრატით იზილებოდა - ცოტაოდენი მარილითა და ცხიმით. ასაფუებლად კი ხაშს იყენებდნენ. ცომი აუცილებლად ფაფუკი უნდა ყოფილიყო. მას თბილ ადგილას დგამდნენ და 30-40 წუთში მზად იყო გამოსაცხობად. 

სამეგრელოში ოდითგან მესაქონლეობასა და მეჯოგეობას მისდევდნენ და რძის ნაწარმი თითქმის ყველა ოჯახს უხვად ჰქონდა. სახაჭაპურე ყველი კი წინა საღამოს ამოყვანილი უნდა ყოფილიყო. ცომს ნისორში - მეგრულ გობში ზელდნენ, რომელიც მხოლოდ ცომეულისთვის იყო განკუთვნილი.

მეგრული ხაჭაპური ორყველიანი ხაჭაპურია. მისი გული ბლომად ივსებოდა ჭყინტი მწიფე ყველით, ზემოდან კი ცომის ღობე უკეთდებოდა, რასაც მეგრულად „ღანდა“ ჰქვია. აქ უკვე სულგუნის ფურცლები ან გახეხილ კვერცხში არეული სულგუნი უნდა დაფენილიყო. გახურებულ დიდ კეცზე - „ანგურაზე“ ხაჭაპურს ქვეშ ფოთლებს უფენდნენ, ზემოდან თუნუქს დაახურავდნენ, ნაკვერჩხალს დააყრიდნენ და რამდენიმე წუთში კერძიც მზად იყო.

მეგრული ხაჭაპურის თანამედროვე რეცეპტი

წლების განმავლობაში მეგრული ხაჭაპურის ფორმა უფრო მოსახერხებელი და თანამედროვე გახდა. ახლა ცომში ყველს დებენ, პირს უკრავენ, თანაბრად აბრტყელებენ და თავზე კვერცხის გულში არეულ ყველს აფენენ, ხშირად დახეხილ სულგუნს მერე ღუმელში დგამენ და მაღალი წვის რეჟიმზე აცხობენ. ბოლოს კი თავზე კარაქის ნაჭერს ადებენ. 

1 ცალი ზომიერი ხაჭაპურისათვის საჭიროა:

200 გრამი ფქვილი;

2 ცალი კვერცხი;

70  გრამი კარაქი;

200  გრამი ყველი;

რძე (რამდენსაც რბილი ცომი შეიზელს);

ჩაის კოვზი საფუარი; 

ცოტაოდენი მარილი და შაქარი.

მომზადების წესი:

ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად ჭყინტი ყველი უნდა დაფშვნა, ცალკე მოსართავად კი  100 გრამი სულგუნი უნდა გახეხო. 200 გრამი ჭყინტი ყველი თასში მოათავსო და ხის კოვზით 1 ცალი კვერცხი, 50 გრამ კარაქთან ერთად, შეურიო.

ხაჭაპურის ცომი შემთბარ რძეში გახსნილი საფუვრით უნდა მოზილო, ისე რომ ის ნაზი და რბილი იყოს - ხელში ადვილად უნდა  მოგყვებოდეს. ამის შემდეგ შეგიძლია ტილო გადააფარო და ასაფუებლად დადგა. 25-30  წუთის შემდეგ ცომი უნდა დააგუნდაო და გააბრტყელო. ცომის ცენტრში ხაჭაპურის გული უნდა მოათავსო, პირი შეუკრა, ამოატრიალო და ფრთხილად, ხელით ისევ თანაბრად გააბრტყელო. ამასთანავე, აუცილებელია, ორთქლის ამოსასვლელად პატარა ნახვრეტი დაუტოვო.

გადანახულ, გახეხილ სულგუნს კვერცხის გული უნდა შეურიო და ხაჭაპურის ზედაპირზე გადაანაწილო. 

ამის შემდეგ საცხობ ლანგარს ცოტაოდენი ფქვილი უნდა მოაყარო, მასზე ხაჭაპური მოათავსო, შედგა გახურებულ ღუმელში 200-220 C გრადუსზე და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გამოაცხო. გამოცხობის მერე კი დარჩენილი 20 გრამი კარაქი ზევიდან უნდა დაადო, გადმოიღო და დაჭრამდე 5 წუთი  შეაგრილო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა