მყინვარწვერი მდებარეობს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. მისი ჩრდილოეთ ფერდი მოქცეულია რუსეთის სასაზღვრო ზოლში. თუმცა მყინვარწვერის ყველაზე მოთხოვნადი ალპინისტური მარშრუტი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის.
მყინვარწვერის სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია. მწვერვალზე არის მარადიული თოვლი. მისგან სათავეს იღებს მყინვარები: სუათისი, მნა, დევდარაკი და ორწვერი. აქედან იღებს სათავეს მდინარე თერგიც.
მწვერვალის ძირში განლაგებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალპინისტური ბაზა რეგიონში - ბეთლემის ქოხი (ე.წ. მეტეო). მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვების რელიეფი, ყინულისა და თოვლის საფარი, ნაპრალოვანი ყინული და კლდოვანი ქედი.
მარშრუტი იწყება გერგეტის სამებასთან, სამანქანო გზის დასასრულთან, ზღვის დონიდან 2179 მეტრ სიმაღლეზე. აქედან საფეხმავლო ბილიკით ფერდს გაუყვები და 2936 მეტრ სიმაღლეზე ახვალ, სადაც ჯვრის ნიშა შეგხვდება. ამ ადგილიდან ქვიან რელიეფზე გადაინაცვლებ, მცირე მდინარეს გადაივლი და სამთო ქოხ „ალტიჰატთან“ მიხვალ.
აქ შეგიძლია პირველი სააკლიმატიზაციო ღამე გაატარო. სხვა ვარიანტში გზას გააგრძელებ, გერგეტის მყინვარს გაივლი და ბეთლემის ქოხში მიხვალ. აქ რეგისტრაციას გაივლი და ღამეს მთამსვლელებისთვის მოწყობილ შენობაში გაათევ, ზღვის დონიდან 3653 მეტრ სიმაღლეზე.
სასმელი წყალი მარშრუტზეც შეგხვდება და ბაზაზეც არის.
ასავლელი ვერტიკალი 1471 მეტრს შეადგენს.
დღის განმავლობაში გადიხარ აკლიმატიზაციას, რისთვისაც შეგიძლია ბეთლემის სალოცავზე ახვიდე, რომელიც ზღვის დონიდან 3900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 250 მეტრია. იქ დაყოვნდები და მერე ბაზაზე ბრუნდები. ბაზაზე გამყოლი თოკთან, წერაყინთან და წრიაპთან მუშაობის წინასწარ მომზადებას ჩაგიტარებს.
ბაზიდან დილის 02:00 საათზე გადიხარ. ბაზიდან პლატომდე მონაკვეთში, რომელსაც ხმაურას ეძახიან, ნაშალი ქვა შეგხვდება, აგრეთვე, დიდი ლოდებიც და ნაპრალებიც. პლატოზე კი - უკვე მარადიული თოვლი და ნაპრალები.
პლატოდან ე.წ. უნაგირზე - მთის წვერამდე არსებულ მომრგვალებულ ადგილზე ადიხარ, სადაც ზედმეტ ნივთებს დატოვებ და იქიდან მწვერვალისკენ სვლას დაიწყებ. მწვერვალზე 5-10 წუთი დაყოვნდები და იმავე მარშრუტით ხმაურამდე დაეშვები. ვინაიდან დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა ხმაურაზე ქვების ცვენას იწვევს, მარშრუტს შეცვლი და ბაზაზე ხმაურას შემოვლით დაბრუნდები. ღამეს ისევ აქ გაათევ.
ასავლელი ვერტიკალი 1404 მეტრს შეადგენს. ბაზიდან მწვერვალამდე და უკან, საშუალოდ, 10-12 საათია საჭირო.
დასვენების შემდეგ იმავე მარშრუტით წამოხვალ გერგეტის სამების მიმართულებით, სადაც ავტომობილი გელოდება.
დასაშვები ვერტიკალი 1471 მეტრს შეადგენს.
მყინვარწვერზე ასვლა რეკომენდებულია ივნისის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, თუმცა მწვერვალზე შეიძლება ზამთრის მარშრუტიც დაიგეგმოს.
სტეფანწმინდიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 8 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოგადგება. მისი დაქირავება სტეფანწმინდაში შეგიძლია.