KA
Minda Fortress

მინდა ციხე

თუკი ექსტრემი და ისტორიული ძეგლები თანაბრად გიზიდავთ, დასავლეთ საქართველოს ულამაზეს მხარეს - რაჭას უნდა ესტუმროთ და სოფელ წესის მახლობლად მაღალ, კლდოვან კონცხზე მდებარე მინდა ციხესიმაგრეზე ახვიდეთ. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი ციხეა, მთის მწვერვალზე დგას და იქამდე მხოლოდ ვიწრო ბილიკები მიდის.  
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რეგიონი
ამბროლაური

ციხე მიუვალ ადგილზე საგანგებოდ ააგეს, რომ მტრისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ ის ჯერ კიდევ X საუკუნეში არსებობდა. ისტორიული წყაროების თანახმად, XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერთა მეფე ბაგრატ III-მ ჩხეტისძეთა სახლს მინდას ციხე-დარბაზი გადასცა და რაჭის სადროშოს მეთაურობა უწყალობა.

ამჟამად მინდა ციხის კომპლექსში შემორჩენილია გალავანი, სამი კოშკი და სარკმლიანი ოთახი. სავარაუდოდ, იქვეა მეორე ოთახიც, მაგრამ, ჩამოშლილი კედლის გამო, მასში მოხვედრა შეუძლებელია. აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის ადრე შუა საუკუნეების დაზიანებული ეკლესიაა. 

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ოდესღაც ციხესიმაგრეში რეკორდული სიდიდის, 8-ტონიანი ქვევრი ინახებოდა, თუმცა ახლა მისი კვალიც არ ჩანს. ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში მინდა ციხის გამოსახულება ღვინო „ბარაკონის“ ეტიკეტზე აღიბეჭდა. 

საკუთარი თვალით ნახეთ მინდა ციხე, მოიწყვეთ ეს თავგადასავალი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა