თითქმის საუკუნეა, აქაურობა ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეკუთვნით, თუმცა მანამდე მოსწავლე ახალგაზრდობის დღევანდელი სასახლე პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობდა: 1917 წლიდან აქ ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული, 1918 წლის 26 მაისს სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ორი დღის შემდეგ, 28 მაისს, აქვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა და სომხეთმა, 1921 წელს კი, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ამ შენობაში საბჭოთა საქართველოს მთავრობა განთავსდა. 1941 წელს შენობა ბავშვებს დაუთმეს და კლასგარეშე განათლება ჩააბარეს.
ამ საოცარი ისტორიის მქონე შენობას თავისი მუზეუმი აქვს. ის 10 სამუზეუმო სივრცეს მოიცავს და უნიკალური ექსპონატებით არის სავსე.
აქ ნახავ: თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებსა და ქანდაკებებს, ანტიკვარულ ავეჯს, არქიტექტურულ ნახაზებს, მაკეტებს, სასახლის მოსახატად შექმნილ ესკიზებს, ჭურჭელს, სამკაულებს, სასახლის აღზრდილების მიერ შესრულებულ ნახატებს, ჯილდოებს და სხვა.