KA

მურადის მღვიმე

საქართველოს ბუნება გასაოცარი სილამაზითა და განსაკუთრებული ლანდშაფტებით გამოირჩევა. აქ ისეთ ადგილებსაც შეხვდები, რომელთა მსგავსს ვერსად იპოვი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი უნიკალური მღვიმეა მურადის მღვიმე, რომელიც რაჭისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს. ის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრებმა 2014 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. 
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

მურადის მღვიმის ამბავი

კლუბის წევრები რაჭაში ორდღიანი ექსპედიციით, მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდნენ, როდესაც ნაქერალას უღელტეხილზე, ტყეში 76 წლის მწყემსს - მურად ცნობილაძეს შეხვდნენ. მწყემსმა კლუბის წევრებს უცნობი მღვიმის შესახებ უამბო და მისკენ მიმავალი გზაც მიასწავლა. სწორედ მის პატივსაცემად უწოდეს მღვიმეს მურადის მღვიმე. 

რას ნახავ მურადის მღვიმეში?

4 მეტრი სიგანისა და 1 მეტრი სიმაღლის შესასვლელის გავლის შემდეგ მღვიმეში ორი დიდი დარბაზი დაგხვდება, სადაც საოცარი სილამაზის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებსა და ნაღვენთებს ნახავ. აქ არის ბურთის ზომის პრიალა სტალაგმიტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში უნიკალურია. 

კლუბის წევრების თქმით, მღვიმის ეკოსისტემისა და ნაღვენთებსტალაქტიტებიის განსაკუთრებულობა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა არტურ პალმერმაც დაადასტურა. 

მღვიმეს რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. დარბაზში წარმოდგენილია ვიწრო, მილისებრი გადასასვლელები. ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 10-15 მეტრია, საერთო სიგრძე კი - დაახლოებით 150 მეტრი. გამოქვაბული 15 მეტრის სიღრმის სამი ჭით ბოლოვდება. რაც შეეხება მღვიმის ასაკს, ის 80 000-იდან 100 000 წლამდე უნდა იყოს.

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია თან გახლდეთ სერტიფიცირებული გიდი და გქონდეთ სპეციალური აღჭურვილობა.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა