სოფელი ნაკრა ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, მდინარე ნაკრის ხეობაში მდებარეობს. სოფელი ვაკეზეა გაშენებული და აქედან მოდის მისი სახელიც - სვანურად „ნაკ“ ვაკეს ნიშნავს.
ამ უძველესი სოფლის შესახებ სვანები ბევრ მისტიკურ და უცნაურ ამბავს გიამბობენ. სიამაყით იმასაც გეტყვიან, რომ, ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი კეისარს მოსწონებია.
სოფელში ბევრი ერთნაირი სახლი, ერთი შუა საუკუნეების ეკლესია და ერთი სვანური კოშკი დგას, რომელიც გარედან ქალებს გაულესავთ - ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევაა მთელ სვანეთში.
მარშრუტი მდინარე ნაკრის მარჯვენა სანაპიროსთან იწყება, სოფლის შუაგულში, ზღვის დონიდან 1218 მეტრზე და ტყის გავლით სამხრეთ აღმოსავლეთ ქედზე, 1884 მეტრზე ადის, სადაც ნასოფლარების - ცალერისა და თავრალის თავზე მოექცევი. შემდეგ ბილიკი კიდევ სამ ქედზე გადადის, გზად კი შეგვხვდება სოფლები: ფალედი, ღეშდერი და ფარი. ბილიკი მარკირებულია და ძირითადად ტყეში გადის. სოფელ ფარის შემდეგ კიდევ ერთი - ჩრდილოეთ ქედის გადავლა მოგიწევს, რის შემდეგაც ეცერში აღმოჩნდები.
მარშრუტი სრულდება სოფელ ეცერში, ზღვის დონიდან 1520 მეტრზე. აქედან ულამაზესი ხედებია ლაილას ქედსა და მწვერვალზე (4009 მ).
სოფლის ცენტრში XI საუკუნის ბაზილიკა დგას. ეცერში ასევე ნახავ თავადი დადეშქელიანების კოშკს, რომელსაც დიდი გალავანი აკრავს. კოშკი ტურისტებისთვის ღიაა.
ნაკრაში მიწის ზედაპირზე ბევრ ადგილას ამოდის მჟავე წყლები, თუმცა სანამ დალევ, მისი უსაფრთხოების ამბავი ადგილობრივებს ჰკითხე.
ორივე სოფელში საოჯახო სასტუმროებია გახსნილი, სადაც ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეგიძლია.