საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნარჩვის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი მიანიჭა.
ნარჩვი სვანურად ნაგროვებს ნიშნავს. ყველსაც ეს სახელი, სავარაუდოდ, იმიტომ დაარქვეს, რომ ის აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე, საგანგებოდ, ორი დღის ნაგროვები ყველით მზადდება და ზამთრისთვის მარაგდება. ნარჩვი ძროხის ნატურალური რძისგან ამოჰყავთ, უმატებენ მარილს, ცომივით დიდხანს ზელენ და სპეციალურ ხის ყუთებში ალაგებენ.
ყუთი ფოთლოვანი ხის სქელი ფიცრისგან მზადდება და კარგად იკვრება, რომ ყველის დაპრესვისას ფორმა შეინარჩუნოს. ყველი იწურება, იტენება, მწიფდება და პრესის ქვეშ ყალიბდება. ეს პროცესი 2 თვე გრძელდება.
ნარჩვი ჭვიშტარის მოსამზადებლად გამოიყენება. ასევე სრულიად გამორჩეული და გემრიელია ნარჩვით გამომცხვარი ხაჭაპური, რომელსაც გულსართში მწვანე ხახვს, ადრე კი კანაფის თესლსაც უმატებდნენ.
„ეს ყველი ღვთის საჩუქარია და ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი, რადგან სვანეთში ნამდვილად არაჩვეულებრივი ყველი გავსინჯე. ეს ძროხის რძისგან დამზადებული, ღრმა და ინტენსიური არომატის მქონე პროდუქტია და მას ნარჩვი ჰქვია“, - ასე აღწერეს გამოცემა „სევეღში“ (Saveur) სვანური ნარჩვი 2019 წლის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით - „საქართველოს დავიწყებული ყველი“.