ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის ბრძანებით აიგო და წმინდა ნიკოლოზის სახელზე ეკურთხა. ამას ეკლესიის ფასადზე აღმოჩენილი წარწერებიდან ერთ-ერთი, დასავლეთის კარზე გაკეთებული წარწერა მოწმობს.
ტაძარი თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი და მისი ინტერიერი – ნატიფად გათლილი ქვით, ერთი ზომის, უწყვეტი თაღების რიგით, მდიდრული ჩუქურთმებით მორთული შიდა ფასადით - ქართული მონუმენტური პლასტიკის საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. გასაოცარია 12-სარკმლიანი, თაღედით დამუშავებული გუმბათის მაღალი ყელი, ტაძრის სარკმლების ირგვლივ შემოყოლებული ჩუქურთმიანი არშიები.
გამორჩეული და სიუჟეტურად მრავალფეროვანია ფრესკები, რომლებიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. შემორჩენილია საერო პირთა პორტრეტები, თან დართული წარწერებით, ერთნაირი ოსტატობითაა გამოსახული ფანტასტიკური და ნამდვილი ცხოველები, წმინდანების ფიგურები და სცენები საეკლესიო ცხოვრებიდან.
ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლოა აღმართული, რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
ნიკორწმინდა ქართული პოეზიის მეფედ წოდებული გალაკტიონ ტაბიძის მუზაც გახდა, მის დიდებულებას ეძღვნება ლექსი „ქებათა ქება ნიკორწმინდას“.