KA
Ozurgeti History Museum

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

წარსული და თანამედროვეობა ერთ სივრცეში, 7000-მდე უნიკალური ექსპონატი ჩვ.წ. IX საუკუნიდან დღემდე - ასეთია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიცია.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

რას ნახავ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში?

მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განძი ვაშნარის ნაქალაქარის ნივთებია. არსებობს ვარაუდი, რომ ადრე ქრისტიანულ ხანაში სწორედ ვაშნარი იყო გურიის დედაქალაქი. ვაშნარის ნაქალაქარის კოლექციაში დაცულია ნაქალაქარის ქვები ბერძნული წარწერებით, სვეტის თავები უძველესი ჩუქურთმებით, თიხის უნიკალური საცეცხლური და წყალგაყვანილობის მილები. 

მუზეუმში გამოფენილია ნეოლითის პერიოდის, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა. მათ შორის, კოლხური ცულები, თოხები და ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები.

მუზეუმს საინტერესო განყოფილება აქვს ნუმიზმატებისთვის. გურიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია: ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, შუა საუკუნეების ქართული მონეტები და შუა საუკუნეების ევროპული ვერცხლის მონეტების განძი (414 ცალი).

აღსანიშნავია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის უნიკალური ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და უძველესი ნაბეჭდი წიგნები. 

მუზეუმის ექსპონატებს შორის კიდევ ერთი გამორჩეული ნივთია ფრანგული დაშნა, რომელიც შესაძლოა, ნაპოლეონ ბონაპარტის ოჯახის საკუთრება ყოფილიყო. დაშნას ფრანგული წარწერები აქვს. ის ადგილობრივმა ექიმმა პავლე დათუნაიშვილმა 50-იან წლებში გადასცა მუზეუმს. 

მუზეუმის სივრცეში პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის გამოფენები, ღია გაკვეთილები საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებსაც შეგიძლია, მუზეუმის ფეისბუკგვერდიდან ადევნო თვალყური.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა