KA
Museum of Local Lore in Oni

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ძველი ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, წიგნები, მონეტები, თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები - ყველაფერი ეს ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეგიძლია იხილო. ონი და, ზოგადად, რაჭა ულამაზესი მხარეა და ამ მშვენიერების მნახველი წარმოუდგენელია, მისი ისტორიითაც არ დაინტერესდეს.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ონი

რას ნახავ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც 1948 წელს შეიქმნა, გაეცნობი ქართული ისტორიის არტეფაქტებს, ქვის ხანიდან გვიან ფეოდალური ხანის ჩათვლით. მუზეუმში პირველად შემოსული ექსპონატია ქართული ლიტერატურის შედევრის, „ვეფხისტყაოსნის“ XIX საუკუნის ხელნაწერი, აქაა XVIII-XX საუკუნეების დასაწყისით დათარიღებული რამდენიმე ასეული ქართული, რუსული, თურქული ისტორიული დოკუმენტი.  

აქ შემონახულია ათეულობით ქართული რარიტეტული ძველნაბეჭდი წიგნი; ნახავთ: წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურულ დეტალებსა და რელიეფის ფრაგმენტებს, რომლებიც X-XI საუკუნეებითაა დათარიღებული, ფულის ნიშნებს III-VII და X-XIV საუკუნეებიდან, XIX საუკუნის ეთნოგრაფიულ მასალებს, ხელნაწერებს. 

მუზეუმში დაცულია: გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, ფლორისა და ფაუნის არაერთი ნიმუში, რაჭის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ფოტომასალები, გამოჩენილი ადამიანების მემორიალური ნივთები, თანამედროვე ქართული ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, ლითონზე ჭედურობისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. 

როდესაც ონში მოხვდები, ნამდვილად ღირს იმ კარის შეღება, რომელსაც ამ უცნობ და მომაჯადოებელ  სამყაროში შეჰყავხარ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა