KA
ახალი წლის ტრადიციები

ახალი წლის ტრადიციები

კალენდარული ახალი წელი რომ 1-ელ იანვარს დგება და მას მსოფლიო აღნიშნავს, ამაზე ბევრს არაფერს მოგიყვები - ეს დღეს ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირი სიხარულით, ჟრიამულითა და ფეიერვერკებით აღინიშნება.

საქართველოშიც ასე ხდება - 31 დეკემბერს ახალი წლის მოლოდინში უამრავი ადამიანი ხარობს, ირთვება ნაძვისხე, მის ქვეშ საჩუქრები ლაგდება, ბავშვებთან თოვლის პაპა ან სანტა-კლაუსი მოდის, იშლება მდიდრული სუფრა და არის დიდი მხიარულება. თუმცა საქართველოში ძველით ახალ წელსაც აღნიშნავენ. 14 იანვარი, როდესაც საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება, რელიგიურ დატვირთვასაც ატარებს - ეს წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა, ამიტომ ამ დღეს ქართველები ბასილობას ან კალანდას უწოდებენ.

„ბასილას წვერი“

ძველით ახალი წლისთვის სახლში აუცილებლად იდგმებოდა ჩიჩილაკი. ის თხილის მსხვილი ხისგან მზადდება და ამ საქმეს კარგი ოსტატი სჭირდება. მან ხის ღეროს ჯერ კანი უნდა გააცალოს, შემდეგ გააცხელოს, რომ დრეკადი გახდეს, ბოლოს კი ქვემოდან ზემოთ ქერქი დანით უნდა აათალოს ისე, რომ ხეზე ბევრი ბურბუშელა გაჩნდეს. ბურბუშელიან ხის ღეროს ქვემოთ სადგარი დაუმაგრდება, ზემოთ კი - ჯვარი და ჩიჩილაკი მზადაა. შემდეგ  ის ხილით, ჩურჩხელით, ტკბილეულით ირთვებოდა და კალანდობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. მას „ბასილას წვერსაც“ ეძახდნენ. 

სპეციალურად ამ დღისთვის დიასახლისი ტკბილ ნამცხვარს - „ბასილოპიტას“ აცხობდა და მასში მონეტას მალავდა. მიიჩნეოდა, რომ, ვისაც ეს მონეტა შეხვდებოდა, დამდეგ წელს წმინდა ბასილისგან განსაკუთრებული შეწევნა ექნებოდა. „ბასილოპიტობა“ ახლაც აღინიშნება საქართველოს არაერთ მონასტერში. რაც შეეხება ჩიჩილაკს, საახალწლოდ მას დღესაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდები. 

გურული კალანდა

გურიაში ახალ წელს კალანდას ეძახიან. კალანდის დადგომამდე ოჯახის მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო კერძებით სავსე გობს, ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარანში შედიოდნენ. იქ ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფში ღვინოს პირამდე ჩაასხამდა, დაიჩოქებდა და წმინდა ბასილის ოჯახის ბედნიერებას შესთხოვდა. ამის მერე მეკვლე გობიდან იღებდა კაკალს და წმინდა ბასილის თხოვნით მიმართავდა, ოჯახი ყველა სიკეთით აევსო. შემდეგ კაკალს გატეხდნენ. სავსე კაკალი კარგის მომასწავებელი იყო, ცარიელი - ცუდის და ამ შემთხვევაში მეკვლე რიტუალს იმეორებდა. კალანდისთვის გურიაში ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვება ყველითა და მოხარშული კვერცხით. კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხლობის სიმბოლოა. იგივე ტრადიცია აქვთ იმერეთშიც.

აჭარული ახალი წელი

სანამ საათი ახალ წელს ჩამოჰკრავდა, აჭარაში სახლის მისაღებ ოთახში ფერადი ბაფთებით მორთული მამალი ცხვარი შეჰყავდათ. ეს ხვავისა და ბარაქის სიმბოლო იყო.  ახალი წლის პირველივე წუთებში ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და თოფს ისროდა, როგორც სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულის სიმბოლოს. ამ დროს ოჯახის დიასახლისი წითელ კაბას იცვამდა და სახლის ყველა ოთახში შაქარში არეულ ბრინჯს აბნევდა, დამდეგ წელს ოჯახს სიტკბო და სიუხვე რომ დაჰბედებოდა. დილით ოჯახის უფროსი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რომ საქონელიც მრავლად ჰყოლოდათ. დიასახლისი კი ეზოდან სახლში წყლით სავსე დოქს შეიტანდა და ოთახებს მოაპკურებდა. 

მეკვლე და მფერხავი

როგორც ახალი, ისე ძველით ახალი წელი წარმოუდგენელი იყო მეკვლის გარეშე. მეკვლე, რომელსაც აჭარაში მფერხავს უწოდებენ, ის ადამიანია, ვისაც მასპინძელი ოჯახი ენდობა და განსაკუთრებული კეთილგანწყობით ეპყრობა. სწორედ ასეთ ადამიანს ირჩევდნენ ახალი წლის პირველ სტუმრად ოჯახში და განსაკუთრებულ დახვედრას უწყობდნენ. 

თავის მხრივ, მეკვლეც ხელდამშვენებული მიდიოდა ოჯახში, რომ იქაურებს ხვავი და ბარაქა დაჰბედებოდათ. მეკვლეს ოჯახის უფროსი ტკბილეულით ეგებებოდა კარში და პირს გოზინაყით ჩაუტკბარუნებდა. მიიჩნეოდა, რომ დამდეგ წელს ოჯახის კეთილდღეობა მეკვლის „კარგ ფეხზე“ იყო დამოკიდებული, ამიტომ, დიდ პატივთან ერთად, მეკვლეობა დიდი პასუხისმგებლობაც იყო. მეკვლის ტრადიცია საქართველოში დღემდე შენარჩუნებულია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა