წლების განმავლობაში თეატრის მრავალფეროვან რეპერტუარშია როგორც ქართულ, ისე მსოფლიო კლასიკის ნაწარმოებებზე აგებული სპექტაკლები: ევრიპიდეს „ელექტრა“, ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, უილიამ შექსპირის „ტიტუსი“ და სხვა.
პანტომიმის თეატრი 1965 წელს დაარსდა და ის ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ ჟანრის პირველი პროფესიული თეატრი იყო. მისი დამაარსებელია ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი (1939-2018).
„ასეთი ნაციონალური, პროფესიულად სრულყოფილი და ნიჭიერი კოლექტივი ჯერ არსად შემხვედრია. მიუხედავად თეატრის არსებობის ხანმოკლე ვადისა, დასმა უკვე გამოიმუშავა საკუთარი ხელწერა“, - ასე შეაფასა პანტომიმის ქართული სტილი მსოფლიო ლეგენდამ მარსელ მარსომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში.